სემეკი: „თელმიკოსა“ და „თელასის“ მხრიდან დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე იმსჯელა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ (თელმიკო) და სს „თელასის“ შემოწმების საკითხებზე, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სემეკის სპეციალური ჯგუფი ადგილზე შეისწავლის შპს „თელმიკოს“ ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ.

კომისიის სპეციალური ჯგუფის მიერ შემოწმდება შპს „თელმიკოსა“ და სს „თელასის“ მიერ 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში მომხმარებლებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და საფასურის დარიცხვის შესაბამისობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სემეკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან. კერძოდ, შპს „თელმიკოსთან მიმართებაში“ ჯგუფი შეისწავლის მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების საფასურის მიმწოდებლის აღრიცხვის მონაცემთა ერთან ბაზაში (ბილინგი) ასახვის, სს „თელასისგან“ აღრიცხვის მონაცემების მიღების, დარიცხული მომსახურების საფასურის კორექტირების, ქვითრის შესწორების მექანიზმების გამართულ მუშაობას. რაც შეეხება სს „თელასს“, ადგილზე შემოწმდება აღრიცხვის მონაცემების ფორმირების, ვალიდაციის, აღრიცხვის მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახვის, აგრეთვე, შპს „თელმიკოსთვის“ აღრიცხვის მონაცემების გადაგზავნის მექანიზმისა და აღრიცხვის სისტემების გამართულობა, ელექტროენერგიის მრიცხველების წამკითხველების საქმიანობის განრიგი, აღრიცხვის მონაცემების აღების პროცესის ორგანიზებასა და წარმართვასთან დაკავშირებული საკითხები, საანგარიშსწორებო მრიცხველების შესაბამისი თვის ბოლო ოთხ კალენდარულ დღეში წაკითხვის ვალდებულებასთან კომპანიის ფიზიკური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების შესაბამისობა.

სემეკის გადაწყვეტილება განპირობებულია მოქალაქეთა საჩივრებით, რომლებიც შეეხება დეკემბერსა და იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვებს. სემეკის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმების დასრულების ბოლო ვადად 3 მარტი განისაზღვრა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები