ომბუდსმენი: ქვეყანაში ექთნების დეფიციტია – ევროპაში ერთ ექიმზე 2-5 ექთანი მოდის, საქართველოში ეს ციფრი 0,6-ს უტოლდება
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა კვლევა, სადაც ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე ახალი კორონა ვირუსის პანდემიის გავლენაა შეფასებული.
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების უფლებრივი მდგომარეობა დამძიმდა პანდემიის პირობებში. რესპონდენტების თანახმად, ხშირად, პანდემიის გამოწვევებს ვერ პასუხობდა მათი დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაო პირობები. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ექთნებს უწევდათ რამდენიმე მორიგეობის ერთმანეთზე მიყოლება, კანონით განსაზღვრული შუალედური პერიოდის გარეშე.
ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ექთნების დეფიციტია და მაშინ, როდესაც ევროპაში ერთ ექიმზე საშუალოდ 2-დან 5-მდე ექთანი მოდის, საქართველოში ეს ციფრი 0,6-ს უტოლდება. აღნიშნული სისტემური პრობლემაა, თუმცა, პანდემიის პირობებში მან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად გააუარესა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ამას, დამსაქმებლების მხრიდან საჭიროების ადეკვატური რეაგირება და დასაქმებული პირებისთვის, ფსიქოლოგის/სტრესის მართვის შესახებ ინფორმირებულობისა და შესაბამისი უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობის შეთავაზება არ მოჰყოლია.
“პანდემიის პირობებში ირღვეოდა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების შრომითი უფლებები. კერძოდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ცვლებს შორის 12-საათიანი შუალედი არ იყო დაცული. ასევე, გამოვლინდა რამდენიმე ცვლის ერთმანეთზე მიყოლების შემთხვევები;
ზრუნვის ტვირთის არათანაბარი გენდერული გადანაწილების და პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაზრდის პირობებში, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ქალების დატვირთვა გაორმაგდა, როგორც სახლში, ისე დასაქმების ადგილას;
პანდემიამ მნიშვნელოვნად გააუარესა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ფსიქოემოციური მდგომარეობა. ამ პრობლემას დამსაქმებლების მხრიდან არც ადეკვატური რეაგირება მოჰყოლია და არც ფსიქოლოგის/სტრესის მართვის შესახებ ინფორმირებულობისა და შესაბამისი უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობის შეთავაზება;
ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ნაწილისთვის მიუწვდომელია დასაქმების ადგილას მენსტრუალური ციკლის მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა;
კვლევის რესპონდენტთა ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალები ხშირად გამხდარან საზოგადოებისგან გარიყვის/დისკრიმინაციის მსხვერპლები იმ ნიშნით, მათ ინფიცირების მომეტებული რისკის მქონე პირებად აღიქვამენ;
ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირები ნაკლებად არიან ინფორმირებული სექსუალური შევიწროების რაობასთან და მასთან დაკავშირებულ ფაქტებზე რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით. დასაქმების ადგილას ამ მექანიზმების არარსებობა და ზოგადად მათ შესახებ არასაკმარისი ინფორმირებულობა, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალებს დაუცველს ტოვებს სექსუალური შევიწროების სისტემური პრობლემის წინაშე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პასუხისმგებელი უწყებები გაიზიარებენ კვლევის მიგნებებსა და რეკომენდაციებს და გაატარებენ ეფექტიან ღონისძიებებს ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.