„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობას და დეტალებს მცხეთა-მთიანეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსრგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნული პროგრამის განხორციელების პირობები და მიზნობრიობა განიხილა.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გასაცემი საძოვრის შერჩევა შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით ხდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ ახალი პროგრამის შესახებ.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, დაეხმარება მეცხოველეობის დარგის განვითარებას.
შეხვედრაზე, რეგიონის რწმუნებულმა ამ კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და პროგრამის განხორციელებით მოსალოდნელი პოზიტიური შედეგების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულია 1 ჰექტარზე მეტი ფართობის მქონე 58 ერთეული საძოვრის კატეგორიის მქონე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ჯამში 1,284 ჰექტარი.