პროკურორი: მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა – სწორედ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ჟურნალისტები, მათზე განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები
მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია შემდეგი გარემოება, სწორედ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ჟურნალისტები, მათზე განახორციელეს ძალადობრივი ქმედებები, – ამის შესახებ 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ მედიას თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.
მისი განმარტებით, სხდომაზე არაერთი მოწმე დაიკითხა, თითოეულმა მათგანმა ცალსახად დააფიქსირა, თუ ვინ განახორციელა ძალადობრივი ქმედებები მედიის წარმომადგენლებზე: ილია თვალიაშვილზე, ზურაბ ცერცვაძესა და ვახტანგ ქარელზე.
ნიშნიანიძის თქმით, ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს თითოეული ბრალდებულის დანაშაულს.
„მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია შემდეგი გარემოება, სწორედ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ჟურნალისტები მათზე განახორციელეს ძალადობრივი ქმედებები, შესაძლებლობა არ მისცეს შეესრულებინათ პროფესიული მოვალეობა. ყველა ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის მიმართ ერთი და იგივე მიდგომა ჰქონდათ, ყველას მიმართ ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს. ეს ყველაფერი კადრებით არის აღბეჭდილი, რაც ნახეს სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა“, – აცხადებს გრიგოლ ნიშნიანიძე.
ნიშნიანიძის თქმით, დღევანდელ სხდომას 7 ბრალდებული ესწრებოდა, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
პროკურორის განმარტებით, საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება და შემდეგ პროცესებზეც მოწმეები დაიკითხებიან.