რა პირობით დაუჭერს მხარს “გირჩი” სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას – იაგო ხვიჩიას კომენტარი

იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხოლოდ იმ პირობით დაუჭერს მხარს, თუ სამომავლოდ, როდესაც „გირჩს“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა დასჭირდება, “ნაციონალური მოძრაობა” მას მხარდაჭერას გამოუცხადებს.

ამასთან, “გირჩის” ლიდერი აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე, აღნიშნული პარტიის წევრებმა „გირჩს“ „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული არ უნდა უწოდონ.

„კომისიაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ და მისი შექმნა აუცილებელიც არ მგონია, მაგრამ ვინაიდან კომისიის შექმნა ჩვენი კოლეგებისთვის არის საჭირო, როცა ჩვენ დაგვჭირდება, კომისიის შექმნაში ისინიც უნდა დაგვეხმარონ და ასევე „ქოცების“ “მოსყიდულები” არ უნდა გვეძახონ”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

მისი თქმით, პრობლემა კომისიის შექმნის მიზანში მდგომარეობს.

“კომისიის მიზანი უნდა იყოს ისეთი, რომელიც რამეს შეცვლის. ეს კომისია თუ რაიმეზე უნდა შეიქმნას, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას და არა იმაზე, ერთი ციხიდან მეორეში როგორ შეიყვანეს სააკაშვილი. ეს ძალიან მცირე მიზანია, ამიტომ, ამ კომისიის მიზანი არ მომწონს, უფრო დიდ მიზანს უნდა ისახავდეს და კომისიამ უნდა დაადგინოს, რამდენად აუცილებელია მისი სამკურნალოდ გადაყვანა”, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები