თეონა აქუბარდია კოლეგებს მოუწოდებს, შიდაპოლიტიკურ პოლარიზაციას არ გადააყოლონ ქვეყნის ინტერესები
„დებატები იმას აჩვენებს, რომ ჩვენ ზეპარტიულ საკითხებზე, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე არ შეგვიძლია შეჯერება და შიდაპოლიტიკურ პოლარიზაციას უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის ინტერესები, რაც ძალიან მძიმეა. ეს საკითხი უნდა იყოს მუდმივად დღის წესრიგში, არ უნდა შეგვეშინდეს ოკუპანტი ქვეყნის ხსენება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მძიმე პრეცედენტი, რომელიც პარლამენტში გვაქვს აღარ განმეორდეს და შევძლოთ ერთიანობა ქვეყნის ინტერესების გამო”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „რეფორმების ჯგუფის” წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა 29 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას რადიო „თავისუფლების” ჟურნალისტის გოგა აფციაურის „ევრონიუსში” გასულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც ჟურნალისტი საუბრობდა ოკუპაციაზე სოფელ დვანში და ოკუპაციიდან გამომდინარე მძიმე შედეგებზე.
„ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ აქ სიფრთხილის, შიშის, შიდაპოლიტიკური მიზეზების თუ სხვა რამის გამო არ გვაქვს რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია მოხსენიებული და რაღაც შიშები არსებობს, თითქოს თუ ეს სიტყვა გაჩნდება რეზოლუციაში, ამის გამო გარდაუვალი კატასტროფა გელოდებოდეს, ამ დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა გოგა აფციაური, რის გამოც მე მას მადლობას ვუხდი იმიტომ, რომ ის არის ადამიანი, რომლისგანაც ვიგებ პირველად ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე იმ ნეგატიურ შედეგებზე რაც რუსეთის ოკუპაციას მოჰყვება.
საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ ქვეყნის ინტერესებს ყველაფრის მიუხედავად. დღეს დარბაზში ვინც ვართ, მგონია, ყველას გულწრფელად გვჯერა, რომ დიახ, რუსეთის ფედერაცია არის ძალა, რომელიც ხელახალი აგრესიის რისკს ქმნის უკრაინაში. არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩემი კოლეგები ქართული ოცნებიდან ამ აზრს არ იზიარებენ. თუმცა, კიდევ ერთხელ მიუხედავად ამ პოლიტიკური უაზრო თამაშებისა გთხოვდით, რომ ერთად მოვინდომოთ, დავდგეთ იმაზე მაღლა, ვიდრე ახლა ამას ვახერხებთ და ზეპარტიულ საკითხებზე შეთანხმება შევძლოთ”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.