ეკა ხერხეულიძე მოითხოვს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გაასაჯაროოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ინფორმაცია

ფრაქცია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

დეპუტატის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მედიკოსების დახმარებას საჭიროებს. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს არ ეძლევათ უფლება, მიიღონ ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს მისი მკურნალობა და მიმდინარეობს თუ არა საერთოდ. ეკა ხერხეულიძემ მოსთხოვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, საჯარო გახადოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია.

„მოვითხოვ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან საჯარო გახდეს ფაქტები, რომელიც ასახავს სააკაშვილის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, როგორც რუსთავიდან გლდანში გადაყვანის ეპიზოდზე, ასევე, გორის ჰოსპიტალში განხორციელებულ ზეწოლაზე და მუქარაზე. მარტამდე, როდესაც უფლებამოსილება კვლავ ექნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ვთხოვ, გამოაქვეყნონ და საჯარო გახდეს ეს ინფორმაცია, რათა საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს ჰქონდეთ მიუკერძოებელი და ობიექტური დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, თუ რა გზას გადის ეს ადამიანი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ამ ქვეყანაში რა ვითარებაა და როგორ ხორციელდება ადამიანის ეტაპობრივი მკვლელობა იმისთვის, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან კმაყოფილება მიიღოს რეჟიმმა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უშუალოდ არის ჩართული, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე დასრულდეს ციხეში”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები