ირაკლი ბერაია: განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, სადაც წარმოდგენილია ალიანსის 30 სახელმწიფო, საქართველოს ესაუბრებოდნენ, როგორც თანასწორუფლებიან სუბიექტს
„განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, იმ ოვალურ მაგიდასთან, სადაც წარმოდგენილია ალიანსის 30 სახელმწიფო, საქართველოს ესაუბრებოდნენ, როგორც თანასწორუფლებიან სუბიექტს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან, როგორც ალიანსის პასუხისმგებლობიანი წევრი სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერისგან, ისმენდნენ არსებული ვითარების შეფასებებს და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების თაობაზე მოსაზრებებს და რეკომენდაციებს. ეს არის ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ხარისხის და მასშტაბების, ასევე, ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მკაფიო ინდიკატორი”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
მისი თქმით, მაღალი აქტიურობით დაიწყო და საკმაოდ დატვირთული იქნება 2022 წელი ნატო-საქართველოს თანამშრომლობაში.
„დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის ვიზიტი თბილისსა და ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის არაერთი სხდომა, საქართველოში გაიმართება ნატო-საქართველოს სწავლება, საქართველოს ტერიტორიული წყლებსა და პორტებში ალიანსის სამხედრო ხომალდების ვიზიტები. წლის მთავარი მოვლენა იქნება 2022 წლის ნატო-ს მადრიდის სამიტი, სადაც დამტკიცდება ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომლის შემუშავებაშიც აქტიურადაა ჩართული საქართველო”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ქართულ მხარეს აქვს მყარი მოლოდინი, რომ ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში სათანადოდ აისახება საქართველოს პროგრესი, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება და მისი იმპლემენტაციის ნაბიჯები.
„ნატო-ში ინტეგრაცია არის არა მხოლოდ ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი, არამედ – ჩვენი მოსახლეობის ცივილიზებული და ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი”, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.