ირაკლი ბერაია: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის ნატო-ში განხორციელება ხაზს უსვამს საპარლამენტო დღის წესრიგში ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას და მის განსაკუთრებულ პრიორიტეტულობას

„პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის ნატო-ში განხორციელება ხაზს უსვამს საპარლამენტო დღის წესრიგში ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას და მის განსაკუთრებულ პრიორიტეტულობას”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, ვიზიტს, ასევე უდიდესი დატვირთვა ჰქონდა რეგიონში უსაფრთხოების გარემოს მკვეთრი გაუარესების და ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთსა და ნატო-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე. „პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს ამბიციურ დემოკრატიულ დღის წესრიგზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს დაწინაურების აუცილებლობაზე, ნატო-ს მადრიდის სამიტზე ჩვენს მოლოდინებზე, ისევე როგორც ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი უკრაინის მხარდაჭერაზე”, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

მისი განცხადებით, ნატო-ში ვიზიტის დროს საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაინახა მოკავშირეების ერთიანობა ურყევ მხარდაჭერაში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. „აღინიშნა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ფასდაუდებელი წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში და წარმატებით დაიხურა 2021 წლის ნატო-საქართველოს წლიური სამოქმედო პროგრამა. ნატო-ელთა პარტნიორებმა შეაქეს რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაუარესების საპასუხოდ ოფიციალური თბილისის ნაბიჯები და რიტორიკა, რომელსაც უწოდეს გონივრული და წინდახედული და მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ პარტნიორებთან ინტენსიურ კონსულტაციებს და მჭიდრო კოორდინაციას, ამ რთულ პერიოდში ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, მოკავშირეების განცხადებით, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება, არ და ვერ გადაიხედება. „სახელმწიფოების სუვერენული უფლებაა თავად აირჩიონ უსაფრთხოების ალიანსები. დაუშვებელია მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფა. ნატო არ ვაჭრობს პარტნიორების ინტერესებით და მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ მათთან კონსულტაციების შედეგად.

ალიანსის ეს პოზიცია, რამდენი დღის წინ კიდევ ერთხელ გააჟღერა გენერალურმა მდივანმა, სადაც ევროპული უსაფრთხოების ერთ-ერთ საკვანძო ელემენტად დაასახელა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანა და განაცხადა, რომ ალიანსი აგრძელებს მისი მოქმედებების პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან კოორდინაციას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არ მიიღება საქართველოს ჩართულობის და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები