კელი დეგნანი: აშშ-ის საელჩო ამაყობს მისი თანამშრომლობით ინსპექტორის სამსახურთან და იმ მხარდაჭერით, რომელსაც ამ სამსახურს ვუცხადებდით

„მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მთელს გუნდს იმ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელსაც ეწევით და გასწიეთ აქამდე და, ასევე, პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც იჩენდით თქვენი მოვალეობის შესრულებისას”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დემოკრატია დამოკიდებულია მსგავს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სამსახურებზე, როგორიც არის ინსპექტორის სამსახური, სახალხო დამცველის ოფისი, პროფესიონალი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ლონდა თოლორაიას, მის მოადგილეებსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მთელს გუნდს იმ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელსაც ეწევით და გასწიეთ აქამდე და, ასევე, პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც იჩენდით თქვენი მოვალეობის შესრულებისას, რომ დაგეცვათ საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოლომდე არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ოფისის მიერ გაწეული სამუშაო მათი ყოველდღიური ცხოვრების დასაცავად. პირადი მონაცემების დაცვა არის ერთ-ერთი ისეთი საკითხი, რომელიც მზარდად მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველა ვხედავთ, რამხელა გავლენას ახდენს ეს ჩვენს ცხოვრებაზე, თუმცა, არის სხვა მნიშვნელოვანი სერვისები და პასუხისმგებლობები, რასაც ეს სამსახური მოიცავს. ის მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმ პროფესიონალებისთვის ხელისუფლებასა და სამართალდამცავ უწყებაში, ვისაც სურთ თავისი საქმის კეთება ძალიან მაღალ დონეზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამ ადამიანებსაც იცავს იმით, რომ იძიებს და პასუხისგებაში აძლევს იმ პირებს, ვინც არ აკმაყოფილებენ სტანდარტებს. კარგად ფუნქციონირებადმა დემოკრატიამ უნდა იმუშაოს იმგვარად, რომ დაიცვას მოქალაქეების პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უფლება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მისი გუნდის მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამაყობს მისი თანამშრომლობით ინსპექტორის სამსახურთან და იმ მხარდაჭერით, რომელსაც ამ სამსახურს ვუცხადებდით. დემოკრატია დამოკიდებულია მსგავს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სამსახურებზე, როგორიც არის ინსპექტორის სამსახური, სახალხო დამცველის ოფისი, პროფესიონალი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ასრულებენ მათ მოვალეობას იმგვარად, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები და დაკმაყოფილებული იყოს მათი საჭიროებები. როგორც ჩვენ ვნახეთ, ეს მოითხოვს ამ სამსახურებისგან გამბედაობას, თანმიმდევრულობას და მოითხოვს პროფესიონალიზმს, რადგან სამუშაო, რომელსაც ეს სამსახურები ასრულებენ, ძალიან ინტენსიურია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები