მაია ბითაძე: “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” ცვლილებები ხელს შეუწყობს ახალი მწვანე სივრცეების გაჩენას და გააუმჯობესებს გარემოსდაცვით მდგომარეობას

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” ცვლილებათა პროექტი, რომელიც კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ წარუდგინა.

კანონპროექტი მიზნად ისახავს მთელი ქვეყნის მასშტაბით მშენებლობის პროცესში გამწვანების კომპონენტის სავალდებულო წესით ინტეგრირებას. სავალდებულო გახდება განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში, გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობა. K-3 კოეფიციენტის გამწვანების გეგმასთან ერთად ასევე შემუშავებული უნდა იყოს გამწვანებული და გასამწვანებელი ტერიტორიის შემდგომი მოვლა-პატრონობის სქემაც.

„ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს ახალი მწვანე სივრცეების გაჩენას, გააუმჯობესებს გარემოსდაცვით მდგომარეობას, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისთვის ღირსეული გარემოსთვის.

კანონპროექტით გათვალისწინებულია გამწვანების პროექტის დეფინიციის, შეთანხმების წესის და პირობების, ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს იმას, რომ განისაზღვრება გამწვანების პროექტის არსი, შეთანხმების მექანიზმი და ამისთვის შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები.

ამჟამად, საქართველოში, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა, მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში, გამწვანების პროექტის შემუშავება და დამტკიცება არსად ხორციელდება.

გამწვანების პროექტის წარდგენის ვალდებულება არ იარსებებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მიმართ. როგორც ცნობილია, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ფუნქციური დანიშნულება, მათი მშენებლობის კლასის მიუხედავად, განსხვავდება სხვა ტიპის ობიექტების ფუნქციური დანიშნულებისგან და განკუთვნილია პირადი სარგებლობის, საცხოვრებელი სივრცის შექმნისათვის”, -განაცხადა მაია ბითაძემ კანონპროექტის განხილვისას.

კომიტეტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები