სოზარ სუბარი – “ხატია დეკანოიძემ თავის ლიდერზე თქვა, რომ მას მეხსიერების პრობლემა აქვს “

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხს სკეპტიკურად უყურებს და, შესაბამისად, მისი მხარდაჭერა არ ექნება.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება იმიტომ არ შეუწყდათ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და ემუშავათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება იმიტომ არ შევუწყვიტეთ, რომ შემოსულიყვნენ და ემუშავათ, თუმცა, მათი კატეგორიული მოთხოვნები არ და ვერ იქნება მიღებული”, – აცხადებს სუბარი.

მისი თქმით, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს მეხსიერების ჩავარდნები აქვს.

“ხატია დეკანოიძემ თავის ლიდერზე თქვა, რომ მას მეხსიერების პრობლემა აქვს და პერიოდულად მეხსიერების ჩავარდნებიც აქვს, როგორც ჩანს, ეს მთელ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება, რადგან მათ თქვეს, რომ პარლამენტში არ შემოვიდოდნენ, ეს იყო არალეგიტიმური პარლამენტი, შემოვიდნენ, უკან გავიდნენ, შემდეგ სააკაშვილის მოწოდებისას თქვეს, რომ გასვლაზე განცხადებას დაწერდნენ, შემდეგ თქვეს, მანდატებს შევინარჩუნებთო. შემდეგ სააკაშვილმა მოუწოდა და თქვეს, რომ გათავისუფლების კომიტეტებს შექმნიდნენ ყველა დაბაში, ყველა სოფელში, ყველა ქუჩაზე, ყველა რაიონში, ყველა კვარტალში, მსგავსი არც ერთი კომიტეტი არ შექმნილა. დღეს, რასაც ბათუმში ვუყურებდით, როგორ იქცეოდნენ, ვხვდებით, რომ აქაც იგივეს გააკეთებენ და იმ ხულიგნობას გააგრძელებენ, რასაც ჰქვია მაგიდაზე ახტომა, სპიკერის ადგილის დაკავების მცდელობა. მათ ხულიგნობის შესაძლებლობას არ მივცემთ. რაც შეეხება სააკაშვილს, ეს საკითხი პარლამენტის განსახილველი არ არის, ეს არის სასამართლოს საქმე. პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ხულიგნური ქცევებით გამოირჩეოდნენ დეპუტატები და ამავე დროს გართობისთვის რაღაც საკითხებს აყენებდნენ, კომისიის შექმნა არასერიოზულია. პროცესი მიდის – სასამართლოში. სკეპტიკურად ვარ ამ კომისიის მიმართ განწყობილი და მას ჩემი მხარდაჭერა არ ექნება. კონსტრუქციულობა ხელისუფლებაში ვერ მოახერხეს და ახლა მით უმეტეს, როცა მათი ბელადი ციხიდან მოუწოდებთ, ქუჩაში გასვლას. მათი ადგილია ქუჩაში და საბოლოოდ ქუჩაში დარჩებიან“, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები