„მომავლის ბანაკი“ მესამე ნაკადის მისაღებად ემზადება

  ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ მესამე ნაკადის მისაღებად ემზადება, – ამის შესახებ „კვირას“ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრიდან” აცნობეს.
თითო ნაკადზე ბანაკი 300-მდე მოზარდს მასპინძლობს. განათლების სამინისტროსთან ერთად საქართველოს მასშტაბით თითოეული სკოლიდან შეირჩა ერთი მოსწავლე. უპირატესობა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს მიენიჭა; მათ შორის – სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს. პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ 14-18 წლამდე მოზარდები დედაქალაქიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან.
პროექტის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა. წელს ბანაკს მოზარდებისგან დაკომპლექტებული სულ 6 ნაკადი, საერთო ჯამში, 1728 მოზარდი ესტუმრება. ბანაკში გატარებულ დღეებს მონაწილეები აფასებენ:
მარიამ ბარბაქაძე, 14 წლის:
„მეორედ ვარ ბანაკში. ძალიან მეგობრული გარემოა. არ არის გუნდებს შორის დაპირისპირება. სხვა გუნდებს ვამხნევებთ ღონისძიებების და შეჯიბრის დროს. ყველა დღე განსაკუთრებული იყო, მაგრამ „აქვა პარკი“ დამამახსოვრდა“.
ლევან მენაბდიშვილი, 16 წლის:
„ამ ათმა დღემ ჩემი ცხოვრება გაამრავალფეროვნა. მაღალი დონის შემეცნებით-გასართობი პროგრამებია მომზადებული. კვება მომწონს ძალიან. საუკეთესო ლიდერები გვყავს. ყველა ბავშვის ოცნებაა, აქ მოხვდეს“.
ანა დარჯანია, 17 წლის:
„პირველად ვარ ბანაკში. მოლოდინს გადააჭარბა ყველაფერმა. პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანის უფლებების, ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, და საქართველოს ისტორიის შესახებ. გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ანტინარკოტიკულ თემაზე“.
ზაალ ტარყაშვილი, ლიდერი:
„ბანაკური ცხოვრება ურთიერთობებს გულისხმობს. ერთად ვსაუზმობთ, ერთ ოთახში გვძინავს.. თითო ნაკადში 300-მდე ბავშვი ჩამოდის და ჩვენი ვალდებულებაა მათი სწავლება, უნდა გამოვცადოთ სხვადასხვა სიტუაციაში, დავეხმაროთ და მსოფლმხედველობა გავუფართოვოთ. კარგი იქნება ზამთარშიც იყოს ასეთი ტიპის აქტივობები“.
მონიკა ალანია, ლიდერი:
„დიდი პასუხიმგებლობაა ლიდერობა, რადგან ხელმძღვანელიც ხარ, მეგობარიც… ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ინსტიტუტი ცოტა ხნის წინ დავამთავრე, შემდეგ პედაგოგად ვმუშაობდი რეგიონში და ისევ ბავშვებს დავუბრუნდი… ზაფხულობით ეს ჩემთვის სასურველი სამსახური გახდა. „მოწამლული“ ვარ აქაური ცხოვრებით, თუ ერთხელ მაინც დაადგამთ ფეხს, აღარ გაგიჩნდებათ აქედან წასვლის სურვილი“.

10537139_786872688001893_708892801_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები