სამბალიანი შტორმის გამო მყვინთავებმა დაკარგული ახალგაზრდის ძებნა შეწყვიტეს

   სამბალიანი შტორმის გამო მყვინთავებმა შავი ზღვის ბათუმის აკვატორიაში დაკარგული ახალგაზრდის ძებნა შეწყვიტეს. როგორც „კვირას“ ბათუმის სამაშველო სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, წყალქვეშ ხილვადობა მინიმალურია და მყვინთავები მუშაობას ვერ ახერხებენ, თუმცა, სამძებრო ოპერაცია ხმელეთზე კვლავ გრძელდება. ოპერაციაში სანაპირო დაცვისა და სამაშველო სამსახურის კატარღებია ჩართული. ბათუმის აკვატორიას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები სანაპიროდანაც აკონტროლებენ. წყალქვეშ სამძებრო სამუშაოები საშტორმო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ განახლდება.
„წუხელ დაფიქსირდა 3 – ბალიანი შტორმი შავ ზღვაში, რამაც გაგვირთულა სამძებრო სამუშაოები. მხედველობა გაუარესებულია, დღეს ალბათ მყვინთავები აღარ მიიღებენ მონაწილეობას ამ სამძებრო ღონისძიებაში. გამოსულია სანაპირო დაცვის კატარღა, რომელიც ნაწილობრივ, ზედაპირულად ზღვას ათვალიერებს შემთხვევის ადგილიდან „ალი და ნინომდე“, სამაშველოს კატარღები კი ზღვას ათვალიერებენ „ალი და ნინოდან“ – „მწვანე კონცხის“ ჩათვლით. უკვე მესამე დღეა, რაც ვეძებთ ამ ახალგაზრდას და წესით დღეს უნდა დადგეს შედეგი“, – განაცხადა თურმანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები