ნონა გაფრინდაშვილი – Netflix-ის საქმეზე: ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია
ლეგენდარული ქართველი ქალი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, რომლითაც საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ Netflix-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
„ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია. ზოგადად, ცხოვრებაში და ასევე სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე.
მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებასა და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ.
გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს.
მადლობა ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც ძალზე კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს, რომ ჩემს გუნდსა და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი, მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს.
დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი, გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის.
უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელს მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა.
ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. პატივისცემით, ნონა გაფრინდაშვილი“, – აღნიშნულია მიმართვაში.
ცნობისთვის, ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა Netflix–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, საქმე ეხება Netflix-ის მინისერიალ “ლაზიერის გამბიტს”. სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა იმის შესახებ, რომ გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია. სარჩელში ნათქვამია, რომ “ლაზიერის გამბიტში” აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ კაც მოჭადრაკესთან.
მანამდე, 7 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე, რომელსაც ქართული მხარე დისტანციურად დაესწრო, სერიალ ლაზიერის გამბიტის სცენარისტი და პროდიუსერი, ფრენკ სკოტი გამოიკითხა. სასამართლოს Netflix-მა საკუთარი საპასუხო შუამდგომლობა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც კომპანია არ მიიჩნევს, რომ ნონა გაფრინდაშვილის პროფესიული მიღწევები და საქმიანი რეპუტაცია დააზიანა.