საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს დღეს კომიტეტის სხდომაზე
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს დღეს კომიტეტის სხდომაზე.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, გეგმა სამი ნაწილისგან შედგება, ესენია: საკანონმდებლო საქმიანობა, კომიტეტის მაკონტროლებელი საქმიანობა და პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც სამოქმედო გეგმაში ბლოკებადაა წარმოდგენილი. კომიტეტის თავმჯდომარემ მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს საკუთარი არჩევანის მიხედვით აქტიურად ჩაერთონ ყველა ამ საქმიანობაში. „ჩვენ, უმრავლესობის დეპუტატებს ერთმანეთთან გვქონდა კონსულტაცია, გადავნაწილდით საქმიანობების მიხედვით და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც თუ რომელიმე მიმართულებით ჩართულობის სურვილი გაქვთ, თქვენი არჩევანის მიხედვით შეგიძლიათ დააფიქსიროთ და რომელიმე ბლოკის ან ცალკეული კომპონენტის მიხედვით იყოთ ჩართულები ამ აქტივობებში”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სხდომის მიმდინარეობისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დააფიქსირეს საკუთარი ინტერესები სხვადასხვა აქტივობაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც შესაბამისად აისახა სამოქმედო გეგმაში, რომელიც კომიტეტმა კენჭისყრით დაამტკიცა. დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ოპოზიციის კვოტით წარდგენილ პაატა მანჯგალაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.