მეჯვრისხევში ოკუპანტების გააქტიურება შეინიშნება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ოკუპანტებმა ხეებს თეთრი ლენტები შეაბეს.
ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა მანიშნებლები სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაამაგრეს, რაც სოფლის მოსახლეობისთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს.
მაცხოვრებლები შიშობენ, რომ ამით ოკუპანტები სამომავლოდ ბორდერიზაციის მიზნით პერიმეტრს ნიშნავენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაძლოა, ორი ადგილობრივის სახლი და ბაღი, ასევე, სასაფლაოს ნაწილი, საძოვრები და სარწყავი არხი მოექცეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები. ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული ასევე განხილული იქნება ყველა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაზე.