კელი დეგნანი: ქართველები და ამერიკელები ბუნებით მეგობრები ვართ, ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო(ვიდეო)

„ქართველები და ამერიკელები ბუნებით მეგობრები ვართ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო: თავისუფლების, ოჯახის, რწმენის, სხვების წარმატების დახმარების სიყვარული და, ასევე, მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის დაფასება და პატივისცემა”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ვიდეო-მიმართვაში საუბრობს.

“წელს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის 30 წლისთავს აღნიშნავს. ამბიციური გეგმა გვაქვს, რომ მთელი წლის განმავლობაში აღვნიშნოთ ჩვენი მრავალმხრივი პარტნიორობის ყველა ასპექტი. დღეს მსურს გავიხსენო ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი და მიმოვიხილო, თუ რატომ არის საქართველო ასეთი მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

30 წლის წინ, მოსკოვის თითქმის ორასწლიანი ბატონობის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ რთულ წლებს ქართველმა ხალხმა მედგრად გაუძლო და მრავალი სირთულე გადალახა, რათა ჩამოეყალიბებინა თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც აგებულია მისი ევროპული ისტორიის საფუძველზე, კოლხეთისა და დასავლური ცივილიზაციის დაბადებიდან მოყოლებული. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ამერიკელი ხალხი სოლიდარულია ქართველი ხალხის სურვილისა, ჰქონდეთ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა ჯერ კიდევ 1890 წელს დაარსა ბათუმში, ხოლო ჩვენი განახლებული პარტნიორობა, ოფიციალურად, პრეზიდენტ ჯორჯ ჰ.უ. ბუშის მმართველობის დროს დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებით 1991 წლის 25 დეკემბერს, რასაც მოჰყვა ოფიციალური დიპლომატიური კავშირების დამყარება 1991 წლის 24 მარტს, და ერთ თვეზე ნაკლებ დროში ჩვენი საელჩოს გახსნა „შერატონ მეტეხი პალასში“. მომდევნო წელს საელჩო ორბელიანის სასახლეში გადავიდა, სანამ საბოლოოდ საელჩოს ახალ შენობაში, დიღომში გადაინაცვლებდა.

მას შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ საერთო ხედვისკენ, რაც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ერთა ოჯახში სრულ ინტეგრაციასა და ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის წევრობას გულისხმობს. ამ ხედვის განხორციელება დიდ შრომას, მოთმინებასა და მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს. წლების განმვალობაში აშშ-მა, სხვა სახის მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს დასახმარებლად თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოჰყო. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მხარი დავუჭირეთ მრავალ წარმატებულ ინიციატივას ქართველ პარტნიორებთან ერთად, რომელთა მტკიცე სურვილია, რომ ამ ქვეყანამ თავის სრულ პოტენციალს მიაღწიოს, როგორც ძლიერმა და დამოუკიდებელმა დემოკრატიამ.

დასაწყისში, ამერიკის მხარდაჭერა ძირითადად ჰუმანიტარული სახის იყო და საკვებსა და მედიკამენტებსაც მოიცავდა – ვცდილობდით რა, საქართველოს დახმარებას 1990-იან წლებში მასობრივი დევნილობის გამკლავებასა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაში. სიტუაციის სტაბილიზაციასთან ერთად, ჩვენი დახმარება იმ პრიორიტეტების განხორციელებას მოვარგეთ, რომლებიც ჩვენმა ქართველმა პარტნიორებმა და კოლეგებმა განსაზღვრეს. ჩვენ დავიწყეთ განვითარებისა და ეკონომიკის სფეროს დახმარება საქართველოში დამოუკიდებელი და თავისუფალი საბაზრო ინსტიტუტების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, რაც არსებითია კეთილდღეობისა და ადამიანური ღირსების დაცვის უზრუნველსაყოფად.

წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს განვითარებასა და ჩამოყალიბებასთან ერთად იცვლებოდა ჩვენი დახმარებაც, რაც ყოველთვის პირდაპირ შესაბამისობაში იყო საქართველოს საჭიროებებსა და პრიორიტეტებთან. ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი ნაკლებად შესამჩნევია დღეს, ვიდრე უწინ. და ეს ასეც უნდა იყოს, რადგანაც დამოუკიდებლობის ადრეულ წლებთან შედარებით, საქართველომ განავითარა უნარი და რესურსები ქვეყნის საჭიროებების უზრუნველსაყოფად. წლებთან ერთად ჩვენი როლი შეიცვალა და უფრო ნაკლებად შესამჩნევი გახდა, რაც ქართულ ორგანიზაციებთან მათ შორის, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კომპანიებთან თანამშრომლობას მოიცავს ძლიერი და წარმატებული საქართველოს საერთო მიზნების მისაღწევად.

მაგალითისთვის, დასაწყისში ამერიკა საქართველოს ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვაში ეხმარებოდა. მოგვიანებით, 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენი მხარდაჭერა ქვეყნის ელექტრო სისტემის აღდგენისკენ მივმართეთ. დღეს, კი, მხარს ვუჭერთ ტექნიკურ რეფორმებს გამჭვირვალე და ეფექტური ენერგო ბაზრების შექმნისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქ

ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობა წარმოდგენილია ისეთი ადამიანებით, როგორიცაა ამერიკელი ასტროფიზიკოსი კარლ საგანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ქართული სიმღერა „ჩაკრულო“ კაცობრიობის მიღწევების ნატიფ მრავალფეროვნებას განასახიერებს. ჩემი და სხვა ამერიკელების მსგავსად, იგი აღფრთოვანებული იყო ქართული სიმღერის მრავალხმოვანებით. საგანი დაჟინებით მოითხოვდა ჩაკრულოს დატანას ნასას „ვოიაჟერის“ ოქროს ფირფიტაზე, მიუხედავად კრემლის პროტესტისა, რომელსაც ქართული სიმღერის „მოსკოვური საღამოები“-თ ჩანაცვლება სურდა. მე იმ დროს ვმუშაობდი რეაქტიული ძრავის ლაბორატორიაში კალიფორნიაში, როდესაც ვოიაჟერისგან მივიღეთ პლანეტების განსაცვიფრებელი ფოტოები, კოსმოსში მისი მოძრაობის დროს გადაღებული, როდესაც ჩაკრულო და სხვა საგანძური გალაქტიკაში მიჰქონდა.

ქართველები და ამერიკელები ბუნებით მეგობრები ვართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო: თავისუფლების, ოჯახის, რწმენის, სხვების წარმატების დახმარების სიყვარული და, ასევე, მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის დაფასება და პატივისცემა. როდესაც საქართველოში ვმოგზაურობ, ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებმაც გარკვეული დრო დაჰყვეს შეერთებულ შტატებში ჩვენი მრავალი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. გულს მითბობს ამერიკის შესახებ მათი ამბებისა და შთაბეჭდილებების მოსმენა. ბევრი მათგანი ინარჩუნებს კავშირებს თავის მასპინძელ ოჯახებთან და ბევრი ამბობს, რომ მათ ცხოვრებაში ეს გამოცდილება გარდამტეხი მომენტი იყო.

დაახლოებით 20 სხვადასხვა პროგრამით ამერიკის საელჩო თბილისში ახორციელებს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გაცვლით პროგრამებს და ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში აგზავნის 200-ზე მეტ მონაწილეს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ იდეებისა და კულტურის გაცვლის უაღრესად მნიშვნელოვან გამოცდილებაში. რა თქმა უნდა, ჩვენი „მშვიდობის კორპუსის“ არაჩვეულებრივი მოხალისეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წლების განმავლობაში ამერიკა-საქართველოს კავშირების გაძლიერების საქმეში. 2001 წლიდან 500-ზე მეტმა „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისემ შეისწავლა ქართული ენა და იცხოვრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ მტკიცე მეგობრობა დაამყარეს ქართველებთან ინგლისური ენის სწავლების, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის, ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისა და ადგილობრივ პროექტებში პარტნიორობის მეშვეობით. ამერიკელი მოხალისეები მასპინძელ ოჯახებს თავიანთ „ქართულ ოჯახებს“ უწოდებენ. ჩვენ ახლა ვახორციელებთ “მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეების საცდელ ვირტუალურ პროგრამას კოვიდის გამო , თუმცა ვმუშაობთ მოხალისეების ფიზიკურად დაბრუნებაზე, იმედია ამ წლის ბოლოს.

ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი და ძლიერი თანამშრომლობის სფერო ჩვენი სამხედრო თანამშრომლობაა. პირველი ოფიციალური ამერიკელი სტუმარი საქართველოში, ფაქტობრივად, უილიამ ტეკუმსე შერმანი იყო, რომელიც საქართველოს 1872 წელს ეწვია, როგორც ამერიკის არმიის მეთაური გენერალი. ათასობით ვიზიტორის ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა უსაფრთხოების სფეროში გადაიზარდა მჭიდრო და გრძელვადიან მეგობრობაში. ჩვენი ჯარისკაცები ერთად სწავლობენ, ერთად იწვრთნებიან, ერთად მიუსხდებიან სუფრას და როდესაც საჭიროა, ერთად იბრძვიან. შეერთებული შტატები მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ძალისხმევას სამხედრო ძალების მოდერნიზაციისა და გაძლიერების კუთხით. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, როდესაც ვხედავთ საქართველოს თავდაცვის ძალების შთამბეჭდავ პროგრესს, ასევე სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო პოლიციის წარმატებებს. ჩვენ განვახორციელეთ 1,5 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია საქართველოს მდგრადობის გაძლიერების, საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დასახმარებლად. ჩვენი მტკიცე ერთგულება უსაფრთხოების სფეროს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართ მომდინარეობს ჩვენი საერთო ღირებულებებისა და გამოცდილებისგან, ვიდექით რა, საერთო მტრების წინააღმდეგ ტერორიზმთან ბრძოლაში ერაყსა და ავღანეთში და, ვუჭერთ რა მხარს, დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას.

საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, გლობალური სტაბილურობის ხელშეწყობისა და საზღვრებზე უკანონო იარაღის, ნარკოტიკებისა და საშიში ნივთიერებების შემოდინების შემცირების საქმეში, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ბევრად უფრო ღრმა და ფართოა, ვიდრე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. სწორედ ამიტომაა, რომ ქართველ პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრს ვაკეთებთ საქართველოს ეკონომიკის სტიმულირების, საქართველოს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის, განათლების სისტემის ყველა დონის გაუმჯობესებისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. შეერთებულ შტატებს აღელვებს საქართველოს პროგრესი, რადგან ჩვენ ვზრუნავთ ქართველ ხალხზე და გვჯერა, რომ ქართველები იმსახურებენ თავიანთ მიზნების განხორციელებას და ტრანს-ატლანტიკური ოჯახის სრულფასოვან წევრობას.

მეორე, კრიტიკული ფაქტორი, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობას, არის ჩვენი საერთო დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ღირებულებები, რაც ბუნებრივ პარტნიორებად გვაქცევს ამ რთულ სამეზობლოში. ამერიკელები აღფრთოვანებულნი არიან ქართველების მზადყოფნით იბრძოლონ თავიანთი დამოუკიდებლობის, სამშობლოსა და უნიკალური კულტურის დასაცავად. ამერიკელები და ქართველები იზიარებენ თავისუფლების სიყვარულს და დემოკრატიაში ცხოვრების სურვილს, სადაც ადამიანის ძირითადი უფლებები დაცულია. ეს არის ღირებულებები თამარ მეფისა და მისი კრებების, სულხან საბა-ორბელიანის, რომელიც თავისი დიპლომატიური უნარის გამოყენებით ესწრაფოდა საქართველოს ევროპულ მომავალს, ილია ჭავჭავაძის, რომელმაც თავისი პროგრესული რეფორმებით ერის მამის სახელი დაიმკვიდრა და სხვა მრავალი დიდი ქართველისა, რომელთაც ესმოდათ, რომ ინსტიტუტების განვითარება ამ ღირებულებების გამოხატვისა და დაცვისთვის თავისუფლების, კეთილდღეობის, მშვიდობისა და ადამიანური ღირსების გასაღებია. სწორედ ამ დემოკრატიული ტრადიციის გამო შეაქო ჯორჯ უ. ბუშმა საქართველო და უწოდა დემოკრატიის შუქურა, 2005 წელს საქართველოში ვიზიტის დროს.

საქართველოს ევროპული ფესვები ღრმა და ძლიერია, მკაფიო გეზით დასავლეთისკენ. 100 წელზე მეტი ხნის წინ ნოე ჟორდანიამ სიტყვით გამოსვლისას, განმარტა ახლად დამოუკიდებელმა საქართველომ რატომ თქვა უარი საბჭოთა რუსეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე. /ნოე ჟორდანია ამბობდა/ „ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კავშირი გავწყვიტოთ ევროპასთან, როგორც მათ (რუსეთს) აქვთ ეს კავშირი გაწყვეტილი და პირი ვიბრუნოთ აღმოსავლეთისაკენ… როგორც ხედავთ, საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარნენ. ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ“. ანალოგიურად, ილია ჭავჭავაძემ ცხადყო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია სრულად თავსებადია საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პატივისცემასთან და რომ ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტები უკეთ იცავენ თავისუფლებას, ვიდრე ძლიერი პიროვნული თვისებების მქონე ხისტი აზროვნების ლიდერები. ისტორია გვიჩვენებს, რომ მოსკოვმა უარი თქვა საქართველოს დამოუკიდებლობის არჩევანზე და მოგვიანებით შეიჭრა საქართველოში, თუმცა ქართველ ხალხს ეს არ დავიწყებია.

საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღდგენის ხანგრძლივი ისტორია დამპყრობლების წინააღმდეგ გაგრძელდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომაც და რჩება ახლაც. ქართველმა ხალხმა გაბედულად წარმოაჩინა ღირებულებებისადმი ერთგულება და დაადასტურა სურვილი, საქართველო იყოს სრულად ინტეგრირებული დემოკრატიული სახელმწიფო ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში. მათთვის მიუღებელია შეჭრა, ოკუპაცია, გავლენის სფეროები და რეპრესიები და დაჟინებით მოითხოვენ თავისუფლებას, სუვერენიტეტს, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვას. მაშინაც კი, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული ქმედებებით ემუქრება ევროპის 75-წლიან უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, საქართველო რჩება ურყევი ამ ღირებულებებისა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგულების მიმართ. ეს მტკიცე გადაწყვეტილება განაპირობებს იმას, რომ შეერთებული შტატები დგას ქართველ ხალხთან ერთად და მხარს უჭერს მათ, ვინც იცავს ჩვენს საერთო ღირებულებებს, რთული გეოპოლიტიკური გარემოს და მოწინააღმდეგეების მიუხედავად, რომლებიც იძულებითა და აგრესიით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შელახვას.

როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა, საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცეს, რომ ეფექტურად იბრძვიან რეგიონალური და გლობალური საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივი სარგებელისთვის – იქნება ეს შავი ზღვის ღიაობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება; უკანონო ნარკოტიკებისა და იარაღის შემოსვლის აღკვეთა თუ საერთაშორისო კრიმინალური ქსელების წინააღმდეგ მოქმედება. საერთო ინტერესები და საერთო ღირებულებები გვაქცევს ბუნებრივ პარტნიორებად, ვმუშაობთ რა, დიპლომატიის გზით ისეთ საერთაშორისო ფორუმებზე, როგორიცაა გაერო და ეუთო, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, მშვიდობის, ეკონომიკური ზრდისა და დემოკრატიის, კორუფციასთან ბრძოლისა და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშესაწყობად. შეერთებული შტატები აცნობიერებს, რომ ჩვენი ალიანსებისა და პარტნიორობის გლობალური ქსელი ჩვენი უდიდესი ძალაა და საქართველო ამ ქსელის ღირებული ნაწილია. სწორედ ამიტომ, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, სადაც მოკავშირეები ერთობლივად მუშაობენ მშვიდობისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ გზით ინარჩუნებენ ჩვენი ერები ცხოვრების იმ წესს, რომელსაც ასე ვუფრთხილდებით და ვაფასებთ. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ესწრაფოდა, მათ შორის მეფე დავითის დროსაც, მეზობლებთან ამ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერნი ვართ.

მომდევნო 30 და მისი შემდგომი წლების ჩვენეული ხედვა ოპტიმისტურია, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას, ძლიერ, ჯანსაღ დემოკრატიასა და კეთილდღეობას რეგიონში, თუმცა ის დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რომლებიც დღეს საჭიროებს გადაჭრას. საქართველოს ეკონომიკისთვის რთულია სათანადო ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზება, რათა ბევრმა ნიჭიერმა მოქალაქემ არ დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო.

როგორც ბოლო დროს ბევრი ქვეყნის მაგალითზე ვიხილეთ, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ეს არაშორსმჭვრეტელი ტენდენციები წარმოუდგენლად საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს. როგორც ჩანს, ავტოკრატიულ კრემლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გამოიყენოს თავისი ძალაუფლების ფართო სპექტრი დაბნეულობის გასაღვივებლად და განხეთქილების გასაღრმავებლად, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ერთიანობისა და სტაბილურობის შელახვას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო თავისი ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას ებრძვის, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ერთიანობა და სიმტკიცე გარე მტრების წინააღმდეგ.

ამ გამოწვევას საქართველო კარგად იცნობს, რომლის წინაშეც საუკუნეების მანძილზე არაერთხელ მდგარა – ჯერ კიდევ 19 საუკუნეში, როდესაც რუსეთმა 1801 წელს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია, შემდეგ 1921 წელს, როდესაც კრემლი შეიჭრა და დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევით და, რა თქმა უნდა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2008 წელს.

რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოთი, როგორც ვნახეთ. ჩვენ ვდგავართ ამბოხებული, რევანშისტული რუსეთის წინაშე, რომელსაც განზრახული აქვს თავისი იმპერიის აღდგენა გავლენის პრივილეგირებული სფეროს დამყარების გზით. რუსეთი გამუდმებით არღვევს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ვალდებულებები აქვს აღებული მათ დასაცავად. რუსეთმა ცხადად აჩვენა, რომ არ სცემს პატივს საქართველოსა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ოკუპირებული აქვს სხვა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიები. ეს არის ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავს უყრის ჯარებს მეზობლის საზღვარზე. სწორედ რუსეთმა გაანადგურა საქართველოს პირველი რესპუბლიკა 1921 წელს, შეურაცხჰყო საქართველოს ეკლესიები და ჰქონდა ქართული ენის ჩახშობის წარუმატებელი მცდელობა. რუსეთის მხრიდან საქართველოს კულტურის, რწმენის, ენისა და ტრადიციებისადმი უპატივცემულობისგან, სრულიად განსხვავებით შეერთებულ შტატები, ევროპა და საქართველო კეთილდღეობის, თავისუფლებისა და ღირსების საერთო ხედვას იზიარებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინაშე მრავალი გამოწვევაა, ჩვენ ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. ყველაზე ნიშანდობლივია, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხი გაერთიანებულია ჩვენი საერთო ძალისხმევის ირგვლივ. 30 წლის მანძილზე, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ არის აქ, საქართველოში, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ხალხის მოთხოვნით, ერთობლივი ძალისხმევით დემოკრატიის და ეკონომიკის გასაძლიერებლად და გეოპოლიტიკური გამოწვევების გადასაჭრელად. არსებობს დიდი ინტერესი და ორპარტიული მხარდაჭერა ჩვენი მიზნებისადმი, აშშ-ის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ შტოებში, რაც ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებებიდან მომდინარეობს. ვამაყობთ, რომ ჩვენი 30 წლიანი თანამშრომლობის შედეგად, დავიმსახურეთ ქართველი ხალხის ნდობა და მეგობრობა. არსებობს ნდობისა და პატივისცემის ღრმა რეზერვი, რომელიც განვითარდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვუწევდით რა მეგზურობას საქართველოს გარდაქმნების რთულ გზაზე. ეს ნდობა და პატივისცემა ჩვენთვის ძვირფასია. შეერთებულ შტატებს უდიდესი ინტერესი აქვს, რომ საქართველომ თავისი ტრანსატლანტიკურ მიზნებს მიაღწიოს.

საქართველომ განავითარა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ბევრი წარმატებული ბიზნესი, რომლებსაც სურთ ერთობლივი პარტნიორული მუშაობა. ასევე, არსებობს აშშ-ის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების 6000-ზე მეტი კურსდამთავრებულის ქსელი. ისინი თითქმის ყველა სექტორში მუშაობენ და ყველაზე ერთგულ და დინამიურ ადამიანებს შორის არიან, ვისაც აქ შევხვედრილვარ. ისინი საზღვარგარეთ მიღებულ უნარებსა და გამოცდილებას საქართველოს გამოწვევებზე სამუშაოდ იყენებენ.

ქართველებმა გამოსცადეს საბჭოთა ზეწოლა ქართულ ენაზე და ეკლესიის ნგრევა. თქვენ ნახეთ, როგორ ატერორებდნენ კანონიერი ქურდები ჩვეულებრივ მოქალაქეებს და ძირავდნენ ქვეყანას უკანონობაში. თქვენ გინახავთ ომი, ბრძოლა, პოლიტიკური არეულობა, რევოლუცია, მაგრამ ასევე ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ეს არის რეალური პროგრესი. განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა, არის მოწოდებები კიდევ ბევრისკენ, რათა შენარჩუნდეს მუხტი საქართველოს უნიკალური კულტურის, რწმენისა და ტრადიციების მყარ საძირკველზე თანამედროვე, აყვავებული, ინკლუზიური ქვეყნის მშენებლობისთვის. მთელი ამ მღელვარე პერიოდის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერდა ქართველ ხალხს.

ოცდაათი წელი. ეს ხანგრძლივი დროა, მაგრამ ამავდროულად მხოლოდ დასაწყისია. შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში იდგება ქართველი ხალხის გვერდით, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათ დასაცავად აუცილებელი ინსტიტუტები. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა საქართველოს ეკონომიკის სტიმულირებისა და დივერსიფიკაციისთვის, რათა შეიქმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და მეტი შესაძლებლობები ქართველებისთვის. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ 30 წლიან ერთობლივი მუშაობის შესანიშნავ პროგრესს. მოუთმენლად ველით საქართველოს მიღწევების აღნიშვნას, როგორც მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. საქართველოს წარმატება, როგორც აყვავებული, უსაფრთხო, ძლიერი დემოკრატიისა, ჩვენს ორივე ქვეყანას აძლიერებს”,- აცხადებს ელჩი მიმართვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები