“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი დაცლილი უნდა იყოს პოპულიზმისგან და პროვოკაციული რიტორიკისგან.
მდინარაძე ფიქრობს, რომ აღნიშნულ საკითხზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია საერთო პოზიციის შეჯერებას მოახერხებს.
„ვფიქრობ, რომ არ დარჩება რეალური მიზეზი საიმისოდ, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ საერთო პოზიციის შეჯერება, თუკი, ჩვენი კოლეგები, თუნდაც, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ, წამოვლენ იმაზე, რომ, უტრირებულად რომ ვთქვათ, რეზოლუციის ტექსტი დაცლილი იყოს პოპულიზმისგან და პროვოკაციული რიტორიკისგან, ამ შემთხვევაში, შეთანხმება მარტივია. დღეს კარგია, რომ მათ პრინციპებზე არაფერი ან ვერაფერი არ თქვეს ან ვერ თქვეს, რადგან სწორი პოზიცია არის ის, რაც ჩვენ წარმოვადგინეთ. ვიცი, რომ ისინი თქვენთან, ჟურნალისტებთან ამბობენ სიტყვას „სიფრთხილე“. მე ვფიქრობ, რომ პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლა არ არის სიფრთხილე, ეს არის სწორი, პრაგმატული დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ შევთანხმდებით, თუმცა, რაღაც დეტალებზე, რომლებიც მართლა არ იყო მნიშვნელოვანი, იყო შენიშვნები. გადავხედავთ ამ დეტალებზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ და დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ, ჩვენ უკვე გვექნება გამზადებული ტექსტი იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას და მათგან მოწონებულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.