ხელთუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სრულდება
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელთუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მალე დასრულდება.
არსებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზეა გათვლილი. სააღმზრდელო დაწესებულება 200 – მდე აღსაზრდელს მოემსახურება. პროექტის მიხედვით ხორციელდება როგორც შენობის სრული განახლება და კომუნიკაციების მოწყობა, ასევე, ეზოს მოწესრიგება.
“აღნიშნულ ფართში საბავშვო ბაღი რამდენიმე ათეული წლის წინაც ფუნქციონირებდა. სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა, შენობის მდგომარეობამ გამოიწვია, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობას. მას შემდეგ ბაღი სოფლის ცენტრში არსებულ სხვა მუნიციპალურ ფართში აგრძელებს ფუნქციონირებას, რომელიც არ იძლევა საგანმანათლებლო პროცესის სათანადო პირობებში განხორციელების შესაძლებლობას”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, ადგილობრივ თვითმართველობას საბავშვო ბაღის შენობის კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდვა მოუწია.
ხელთუბნისა და თორტიზის გასაყარზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე სოფლის პატარებს მოემსახურება.