ტრაგედიაში გადაზრდილი პროტესტი ყაზახეთში – თვითმხილველების თვალით დანახული სისხლიანი იანვარი ალმათში

ალმათი ყაზახეთში იანვარში განვითარებული არეულობის ცენტრი გახდა. ყველა კითხვაზე ჯერ კიდევ არაა გაცემული პასუხები. მთავარი კითხვაა – რატომ გადაიზარდა მშვიდობიანი პროტესტი სისხლიან დაპირისპირებაში. ვითარებაში გასარკვევად BBC მიმდინარე მოვლენების თვითმხილველებს ესაუბრა.

როგორ იწყებოდა ყველაფერი

გამომსვლელებმა ალმათის გარეუბანში შეკრება 4 იანვარს დაიწყეს. მათ დასავლეთ ყაზახეთის მოსახლეობის მხარდაჭერა სურდათ, რომელმაც გამოსვლები დაიწყეს საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის გამო.

„აუდიტორია ძალიან მრავალფეროვანი შეიკრიბა, ეს სხვადასხვანაირი ხალხი იყო გარეუბნებიდან, ცენტრიდან, იყვნენ ჰიფსტერები და მომუშავე ახალგაზრდები, კულტურის წარმომადგენლებიც. მათი უმრავლესობა მშვიდობიანი გამომსვლელი იყო“, – იხსენებს თემურ ნასიმბეკოვი, ადგილობრივი ჟურნალისტი და Adamdar.ca​-ს რედაქტორი.

საღამოს ხალხი მარშით წავიდა ქალაქის ცენტრისკენ, რესპუბლიკის მოედანთან. მარში მშვიდობიანად მიმდინარეობდა, მაგრამ ვითარება გამძაფრდა, როდესაც პოლიციამ გამომსვლელების დაშლა ცრემლსადენი გაზით დაიწყო. ამან გამომსვლელები მხოლოდ განარისხა, დაიწყო დაპირისპირება სამართალდამცავებთან, რაც მთელ ღამეს გაგრძელდა.

იმ დღეს, როგორც ნუსუმბეკოვი ამბობს, ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოყენებულა, ეს მხოლოდ მეორე დღეს მოხდა. 5 იანვარს ხალხი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებას აგრძელებდა.

„ყველას ისეთი გაკვირვებით ვუყურებდი, ისინი ისეთი ბედნიერები იყვნენ, სინათლეს ასხივებდნენ. მათი თვალები თითქოს ამბობდნენ, ხედავთ მაინც გამოვიდნენ, არ შეშინდნენ“,- ამბობს პროტესტი მონაწილე, 57 წლის აისელი (სახელი შეცვლილია მისივე უსაფრთხოებისთვის).

„ჩვენ მშვიდობიანად ვაპროტესტებდით“

ატმოსფერო ძალიან სწრაფად შეიცვალა. თვითმხილველების თქმით, მოედანზე ხალხი დანებით, ჯოხებით და სანადირო თოფებით მიდიოდა.

„ჩვენ არ ჩაგვიდენია ტერორიზმის ან ვანდალიზმის აქტი. ჩვენ ვითხოვდით, რომ მერი ჩვენთან გამოსულიყო. მაგრამ რაღაც მომენტში ახალგაზრდები მოვიდნენ და ეგრევე მერიის შენობის აღება დაიწყო. ჩვენ მათი გაჩერება არ შეგვეძლო. ისინი ამტვრევდნენ მანქანებს და შუშებს“,- ჰყვება სხვა აქტივისტი, კუნაი აბდიევი.

მოვლენები სწრაფად ვითარდებოდა. დაიწყო სროლა და ისმოდა აფეთქებები. ხალხი მალე მერიის შენობაში შეიჭრა და გაჩნდა ხანძარი. მათ შორის, ვინც შენობა აიღო, იყო ხალხი პოლიციის ტანსაცმლით, რომელიც სამართალდამცავებს მანამდე წაართვეს. ზოგი პოლიციის ქუდით ან სამუხლეებით და სხვა დამცავი ეკიპირებით დადიოდა.

კუნაი აბდიევის თქმით, ახალგაზრდების უმრავლესობას სახე დაფარული ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ გამომსვლელების უმრავლესობა ნიღბის გარეშე იყო.

„მათზე შეხედვისაც კი მეშინოდა, შეიძლება ვეცემე“,- ამბობს კუნაი.

ქალაქის ადმინისტრაციის შენობის შიგნით ახალგაზრდა კურსანტები რჩებოდნენ, რომლებიც როგორც ჩანს შენობას იცავდნენ. შენობაში შეჭრილი გამომსვლელები მათ თავს დაესხნენ, მაგრამ ზოგიერთმა აქტივისტმა მათი დაცვა მოახერხა და შენობიდან გამოიყვანა. მოედანზე ვითარება სულ უფრო მძიმდებოდა. პრეზიდენტის რეზიდენციასთან სროლა ისმოდა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილებიც გამოჩნდნენ, ერთ-ერთი მათგანი იყო აისელიც.

ის მოედნამდე მივიდა და კუთხეში იდგა, როდესაც მუხლში ძლიერი ტკივილი იგრძნო.

„ვგრძნობდი სისხლის ნაკადს ფეხზე, გამოვფხიზლდი იმისგან, რომ ორი ახალგაზრდა მიმათრევდა, ისინი პოლიციის ფარს იყვნენ ამოფარებულები. მეუბნებოდნენ – დაწექი, დაწექი. ტყვიები კიდევ მოფრინავდა. შემდეგ როდესაც ტყვიების ნაკადი ოდნავ შეწყდა, ისინი ადგნენ, მე პირდაპირ მიწაზე მიმათრევდნენ, გონება დავკარგე და როდესაც გამოვფხიზლდი სატვირთო მანქანაში აღმოვჩნდი, იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო. მე ფეხი მქონდა დაჭრილი, და ამ ფეხზე ბევრი ხალხი იწვა, უსულო“,- მოგვიანებით აისელმა გაიგო ექიმის ხმა, რომელიც ამბობდა, რომ ტყვია გამჭოლი იყო და ვენას შეეხო.

აქტივისტებს ემუქრებიან

ახლა ბევრი აქტივისტი შიშობს, რომ, შესაძლოა, ისინი დააკავონ და ციხეში ჩასვან, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ამ მოედანზე იყვნენ. ასელთან საავადმყოფოში იყო მისული ფორმიანი ხალხი იარაღით და წაყვანით ემუქრებოდნენ. ერთ-ერთი აქტივისტი – მურატბეკ ესენგაზი ამბობს, რომ ის არა მხოლოდ დააკავეს, არამედ სცემეს კიდეც.

„ეს ძალიან სახიფათოა, ვინაიდან გამომსვლელები ახლა მაროდიორებსა და ძალოვნებს უტოლდებიან. გასაგებია, რომ ბოლო დროს ალმათში იყვნენ ძალოვნები, მაროდიორთა დაჯგუფებები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმოდნენ და სახელმწიფო ობიექტებს ანადგურებდნენ. მაგრამ გარდა ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ პროტესტის მონაწილეთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო“,- ამბობს ჟურნალისტი თემურ ნასიმბეკოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები