რუსეთის დუმამ ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების საკითხის განხილვას “მწვანე შუქი” აუნთო
რუსეთის სახელმწიფო დუმა მომავალ კვირას კომუნისტური პარტიის ინიციატივას განიხილავს ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკების აღიარების შესახებ.
ამის შესახებ დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ტელეგრამ-არხზე დაწერა.
მისი თქმით, პუტინისადმი შესაბამისი მიმართვის მხარდაჭერის მზაობა უკვე გამოთქვეს “სამართლიანი რუსეთისა” და “ლდპრ”-ის წევრები.
„ვფიქრობ, “ერთიანი რუსეთის” დეპუტატები ასევე შეშფოთებულნი არიან რუსეთის მოქალაქეებისა და თანამემამულეების სიცოცხლის დაცვის საკითხით, რომლებიც ცხოვრობენ “დნრ”-სა და “ლნრ”-ში. ამასთან დაკავშირებით განხილვა არის ძალიან სერიოზული და საპასუხისმგებლო. ამ კუთხით, მართებული იქნება, მომავალ კვირას გავმართოთ კონსულტაციები ფრაქციების ლიდერებთან. შემდეგ, შედეგებიდან გამომდინარე, საკითხი განიხილოს სახელმწიფო სათათბიროს საბჭომ,” – ნათქვამია განცხადებაში.
კომუნისტური პარტიის შესაბამისი ინიციატივის კომენტირებისას, 20 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ჯერჯერობით რაიმეს თქმისგან თავს შეიკავებს, რადგან ინიციატივას მხარი ჯერ სათათბირომ უნდა დაუჭიროს, ამის შემდეგ აზრს უკვე პუტინი გამოთქვამს.