ჟენევაში დღეს ლავროვისა და ბლინკენის შეხვედრა გაიმართება

ჟენევაში დღეს ერთმანეთს რუსეთისა და აშშ-ის პირველი დიპლომატები შეხვდებიან და უკრაინის ირგვლივ შექმნილ დაძაბულობის საკითხს განიხილავენ.

შეხვედრა ორი დღის წინ, სერგეი ლავროვისა და ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბრის დროს ჩაინიშნა.

საუბრის მეორე დღეს ამერიკელი დიპლომატი კიევში ჩავიდა და  ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, როგორც ბლინკენმა გერმანელ კოლეგასთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  ჟენევის შეხვედრის შემდეგ, შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ რუსეთის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მეტ კონკრეტიკას მიიღებს.

ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინმა იცის, რომელ სცენარს ანიჭებენ უპირატესობას უკრაინის პარტნიორები და საკმარისად არის ინფორმირებულნი შესაძლო შედეგების შესახებ.

ის ელოდება, რომ „დღეს გაირკვევა, რა არჩევანი გაკეთდა“ და რომელი სცენარი უნდა გამოიყენონ უკრაინის მოკავშირეებმა.

თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა  პოლიტიკური გზაა“.

“ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, სწრაფად  გადადგას ნაბიჯები დეესკალაციისთვის. ნებისმიერი შემდგომი აგრესია, ნებისმიერი აგრესიული დამოკიდებულება რუსეთის მხრიდან სერიოზულ შედეგებს მოიტანს”, – განაცხადა ბურბოკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები