მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგის 2022-2024 წლების პარლამენტის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.

„გაეროს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი აღიარებს პარლამენტების უმნიშვნელოვანეს როლს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე, დაფინანსებისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის გზით. უპირველეს ყოვლისა, ის მოითხოვს პარლამენტარების ძალიან აქტიურ ჩართულობას ქვეყანაში გლობალური დღის წესრიგის დასანერგად. პარლამენტისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მდგრადი განვითარების მე-16 მიზანს – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები, ვინაიდან პარლამენტი არის ადგილი, სადაც მიიღება კანონები და იქმნება პოლიტიკა მშვიდობის, სამართლიანობისა და ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად. პარლამენტის წევრებს, როგორც პირდაპირ ხალხის მიერ არჩეულ წევრებს აქვთ მანდატი, რომ შეაკავშირონ ხალხი და სახელმწიფო ინსტიტუტები“, – განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, 2019 წლის ივნისში პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა საქართველოს პარლამენტის 2019-2030 წლების სტრატეგია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისთვის და ასევე, დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა.

„აღნიშნული სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის ეფექტიანი ზედამხედველობითი და კანონშემოქმედებითი მექანიზმების გამოყენებით ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესს და იგი გაწერილია 2030 წლამდე. სტრატეგია ეფუძნება პრინციპს – „კეთილდღეობა ყველასთვის“ და ასახავს პარლამენტის ხედვას საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი არის ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, შევიმუშაოთ მომავალი სამი წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება ერთგვარი გზამკვლევი თითოეული კომიტეტისთვის, თითოეული პარლამენტის წევრისთვის თუ როგორ აპირებს პარლამენტი ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მან აიღო“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სიტყვით გამოსვლისას, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანა ჩერნიშოვამ ხაზი გაუსვა პარლამენტის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოში, რომელიც ეხმარება ქვეყანას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და ასევე, უზრუნველყოფს სახელმწიფო აქტივობების მონიტორინგს.

„საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას – მხარი დაეჭირა გაეროს განვითარების მიზნებისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მრავალმხრივი ჩართულობით, ვაგრძელებთ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, ეს და სხვა მომდევნო შეხვედრები საპარლამენტო ღიაობის პროცესს წაადგება და მინდა ამაში ჩვენი მხარდაჭერა და თანამშრომლობა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ“, – განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები