თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რუმინეთის პრემიერმინისტრის მრჩეველს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი რუმინეთის პრემიერმინისტრის მრჩეველს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში, იულიან შიფუს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რუმინელ სტუმარს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ყურადღება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს და პერსპექტივებს.

ხაზგასმით აღინიშნა რუმინეთთან თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და რუმინეთის პრემიერმინისტრის მრჩეველმა ასევე ისაუბრეს ორმხრივ მრავალწლოვან თანამშრომლობასა და სამომავლო ხედვებზე, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები