აჭარაში სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარება იზრდება

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანადაფინანსების მოცულობა გაიზარდა. თითოეული ოჯახი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საცხოვრებელი ფართის შესაძენად 30 000 ლარს მიიღებს, ნაცვლად 25 000 ლარისა.

ასევე, ცვლილება შეეხო ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების წესს. აღნიშნულ შემთხვევაშიც, დაფინანსება გაიზარდა 5000 ლარით და ხანძრით დაზარალებული ოჯახები, 15 000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარს მიიღებენ.

სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით განიხილეს სტიქიისა და ხანძრით დაზარალებული 41 ოჯახის დახმარების საკითხიც. კომისიის წევრებისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში, აღნიშნულ ოჯახებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან 742 094 ლარი გამოეყოფათ.

2021 წელს სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებულ 288 ოჯახზე 1 751 703 ლარის ოდენობით ფინანსური დახმარება გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები