მიხეილ სარჯველაძე: “ქართულმა ოცნებამ” დევნილებს უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა გამოუცხადა
“ამორალურია, როცა ადამიანები ცალკეულ ტრაგედიებს საკუთარი პოლიტიკური მერკანტილური მიზნებით იყენებენ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ყოფილ სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილების პრობლემებს და მომხდარ ტრაგედიას.
მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” დევნილებს უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა გამოუცხადა.
“ობიექტურობა მოითხოვს, რომ რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი იქნას მხედველობაში მიღებული, როცა ამ საკითხების, თუნდაც, ტრაგედიის ირგვლივ გვექნება შეფასებები: “ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა გამოუცხადა დევნილებს სოციალური საკითხების მოსაწესრიგებლად და მართლაც უპრეცედენტოდ მაღალია ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ღირებულება, მასშტაბი თუ ინტენსივობა. თუმცა, ამის მიუხედავად, რჩება გადაუწყვეტელი პრობლემები, რაც მოითხოვს მუშაობას და პრობლემების ეს მასშტაბი, რაც ქვეყანას აქვს, განპირობებულია მნიშვნელოვანწილად იმით, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ამ საკითხებს არათუ არასათანადო ყურადღება ეთმობოდა, არამედ მთლიანად იყო პრობლემა და საზოგადოების ეს ნაწილი იგნორირებული და დავიწყებული. ამ ფონზე, რა მოცემულობაც გვაქვს, მე ძალიან ვაფასებ, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გამოავლინა მზადყოფნა მიმდინარე მწვავე და კრიზისული პრობლემების გადასაჭრელად შეთავაზებული ყოფილიყო ქირით გადაყვანა და შემდეგ პრიორიტეტიზაცია გრძელვადიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ მიმართულებით თანამშრომლობა აქციის მონაწილეებმა და ხელისუფლებამ უნდა გააგრძელონ, რადგან ეს არის საკითხის გადასაჭრელად ყველაზე სწორი მოდელი. თუნდაც იმ მიზეზების ფონზე, რაც მე ჩამოვთვალე, რაც მხედველობაშია მისაღები, ნათელია, რატომ ხდება საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების მომრავლება, ეს ამორალურია, როცა ადამიანები ცალკეულ ტრაგედიებს საკუთარი პოლიტიკური მერკანტილური მიზნებით იყენებენ”, – განაცხადა სარჯველაძემ.
16 იანვარს ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი შენობის მაღალი სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.