ყოველკვირეული შეხვედრები „წიგნის კლუბში“

„თიბისი კონცეპტის“ სივრცის ბიბლიოთეკა  კითხვის მოყვარულებისთვის ყოველკვირეულ შეხვედრებს განაგრძობს „წიგნის კლუბში“ (მარჯანიშვილის №7).
ორგანიზატორების ინფორმაციით, „წიგნის კლუბი“ მკითხველს ლიტერატურულ სამყაროში ამოგზაურებს და ახალ აღმოჩენებს გააკეთებინებს. ყველა შეხვედრას სხვადასხვა კურატორი ეყოლება, რომელიც თავად შეარჩევს წიგნს და წარმართავს დისკუსიას.
შეხვედრამდე, მსურველებს, შესაძლებლობა ექნებათ, გამოიტანონ კლუბის რჩეული წიგნები „თიბისი კონცეპტის“ სივრცის ბიბლიოთეკიდან ან ისარგებლონ ბიბლიოთეკაში არსებული პლანშეტებით.
წიგნები ასევე ხელმისაწვდომია „საბას“ წამკითხველ აპლიკაციაში – Saba Reader, რომელიც IOS და Android-ზეა განთავსებული.

18 იანვარი, 19:00 საათი – თომას ბერნჰარდი – „ტყის ჩეხა“.

წიგნის შესახებ :
თომას ბერნჰარდის „ტყის ჩეხა” წინააღმდეგობრივი ცხოვრების მქონე, ავსტრიელი მწერლის სიკვდილამდე, 5 წლით ადრე გამოიცა და ერთგვარად შეაჯამა მისი ცხოვრებისეული ფილოსოფია. ბერნჰარდი, რომელიც იყო პოეტი, დრამატურგი, მსახიობი და მუსიკოსიც კი, „ტყის ჩეხაშიც“ ხელოვნების გარშემო ტრიალებს და წიგნის მთავარი გმირის პირით გვიყვება მარტოსული ადამიანის ამბავს.

შეხვედრის შესახებ: პოეტი და დრამატურგი ალექსანდრე ლორთქიფანიძე განიხილავს „ტყის ჩეხის“ პოეტიკის აქტუალურობას 21-ე საუკუნეში და, მაყურებელთან ერთად, პასუხს გასცემს შემდეგ კითხვებს:

• როდის იქცევა ხელოვნება ხელოვნებად?
• არის თუ არა ყველაფრისგან გაქცევა გამოსავალი?

აქტუალური თემები:
• ადამიანის მარტოსულობა;
• თანამედროვე საზოგადოებაში ხელოვნება,როგორც პოზა და ხელოვნება, როგორც ჭეშმარიტება;
• საზოგადოების სიყალბე და მისგან გამოწვეული თოროსეული განდგომილება.

წარმდგენის შესახებ :პოეტი და დრამატურგი ალექსანდრე ლორთქიფანიძე – სამი პოეტური კრებულის: „ლურჯის“, „პოლი პოლაკის“ და „გამჭვირვალეს“ ავტორია, 2019 წელს, ნომინაციაში – წლის საუკეთესო პიესა, მისმა კრებულმა „დისტოპიესები“ ლიტერატურული ჯილდო „საბა“ მოიპოვა.

25 იანვარი, 19:00 საათი
ხორხე ლუის ბორხესი – „მზაკვრობის მსოფლიო ისტორია.ბროდის ანგარიში.შვიდი საღამო“.

წიგნის შესახებ: ხორხე ლუის ბორხესი ჩვენი ეპოქის იმდენად მნიშვნელოვანი ლიტერატორია, რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ – დღეს ჩვენ ყველანი ბორხესიანელები ვართ – მათ შორის ისინიც, ვისაც ბორხესი ჯერ არ წაუკითხავს.ამ კრებულში თავმოყრილი სხვადასხვა დროს დაწერილი წიგნები, მკითხველს მკაფიო წარმოდგენას შეუქმნის ამ დიდი მწერლის შთამბეჭდავ შემოქმედებაზე.

შეხვედრის შესახებ:
ფილოსოფოსი გიგა ზედანია ,კლუბის სტუმრებთან ერთად, ისაუბრებს თემებზე:
• „მორალური გამარჯვება“ და „ისტორიული მარცხი“;
• ბორხესი,როგორც კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა;
• სამოთხე, როგორც ბიბლიოთეკა.

ასევე, პასუხს გასცემს კითხვებს:
• ვის შეიძლება ეწოდოს გამარჯვებული?
• რაში მდგომარეობს კაცურობა, ვაჟკაცობა და მასკულინურობა?
• რა შეიძლება ვისწავლოთ სამყაროს ამ სურათისგან, რომლის ცენტრშიც ლიტერატურა და ბიბლიოთეკაა?
• შეიძლება თუ არა მისმა კითხვამ გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ ჩვენს ლიტერატურულ გემოვნებაზე, არამედ ცხოვრების წესზეც?
წარმდგენის შესახებ: გიგა ზედანია 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, შემდეგ კი უნივერსიტეტის რექტორი გახდა. იგი ფლობს ბოხუმის რურის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები