გაბუნია – კოვიდსტატისტიკაზე: არცერთ შემთხვევაში არანაირ გაყალბებაზე საუბარი არ შეიძლება, იყოს
“არცერთ შემთხვევაში არანაირ გაყალბებაზე საუბარი არ შეიძლება, იყოს, ეს არის მიმდინარე პროცესი, ანალიზი ტარდება მიმდინარე რეჟიმში”, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მთავრობა კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების სტატისტიკას აყალბებს.
მისი განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას კლინიკებისგან იღებს და სიკვდილიანობის აღრიცხვის ოფიციალური წყარო დაბადება-გარდაცვალების რეესტრია.
“ის სტატისტიკა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იყენებს, ეყრდნობა ოპერატიულ ინფორმაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კლინიკა ვალდებულია მოგვაწოდოს გარდაცვალების შესახებ ცნობა 1 საათის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ფაქტი დადგება. ეს მონაცემები მიდის საგანგებო მდგომარეობის მართვის ცენტრში, საიდანაც მოეწოდება სამინისტროს ანალიტიკის დეპარტამენტს, იქ ხდება ამ მონაცემების დამუშავება, დადასტურება რამდენადაც შესაძლებელია და შემდეგ ასახვა სტატისტიკაში.
გარდა ამისა, ოფიციალური წყარო სიკვდილიანობის შემთხვევების აღრიცხვიანობის არის დაბადება-გარდაცვალების რეესტრი, რომლის ოპერირებასაც უზრუნველყოფს სტატისტიკის დეპარტამენტი, თუმცა, იქ შემთხვევები აღირიცხება 5-დღიანი დაგვიანებით. ამ შემთხვევაში, არის გარკვეული განსხვავება გარდაცვალების თარიღსა და ანგარიშგების თარიღს შორის და ბუნებრივია ჩვენ ანალიზს ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ ანგარიშგების თარიღი ზუსტად დაემთხვეს გარდაცვალების თარიღს.
ამდენად, აქ არცერთ შემთხვევაში არანაირ გაყალბებაზე საუბარი არ შეიძლება, იყოს, ეს არის მიმდინარე პროცესი, ანალიზი ტარდება მიმდინარე რეჟიმში”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.