პირადი დაცვის საშუალებების არარასებობის საქმეზე, ესპანელმა ექიმებმა მთავრობას სასამართლოში მოუგეს
ესპანეთის სამედიცინო საზოგადოება გამარჯვებას ზეიმობს მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ რეგიონულმა მთავრობამ ექიმებს კომპენსაციის სახით 49 ათას ევრომდე უნდა გადაუხადოს იმის გამო, რომ მათ მოუწიათ პირადი დამცავი საშუალებების გარეშე მუშაობა პანდემიის პირველ თვეებში.
ამის შესახებ სააგენტო AP იტყობინება.
ერთ-ერთი მომჩივანის, ვიქტორ პედრერას თქმით, COVID-19-ით 2020 წლის მარტში დაინფიცირდა. მას სახლში ყოფნა ორი თვის განმავლობაში მოუწია “საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და ამ დროს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ ემკურნალა”.
ალიკანტეს რეგიონის სასამართლომ დაადგინა, რომ ვალენსიის რეგიონმა ვერ შეძლო თავისი ექიმების ჯანმრთელობის დაცვა პანდემიის პირველი სამი თვის განმავლობაში.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ პირადი დამცავი საშუალებების ნაკლებობამ შექმნა „სერიოზული საფრთხე ყველა სამედიცინო პროფესიონალის, განსაკუთრებით, ექიმების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე“.
მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომჩივანმა 153-მა ექიმმა 5000-დან 49 000 ევრომდე მიიღოს კომპენსაციის სახით.
აქედან, ექიმები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ემუშავათ სათანადო დაცვის გარეშე, მაგრამ არ იყვნენ ინფიცირებულები და არ მოუწიათ იზოლაცია, 5 ათას ევროს მიიღებენ.
კომპენსაცია იზრდება 15 ათას ევრომდე იმ ექიმებისთვის, რომლებსაც იზოლაცია მოუწიათ, ხოლო 35 ათას ევრომდე – ინფიცირებული ექიმებისთვის, რომლებსაც არ ესაჭიროებათ სტაციონარული დახმარება.
სასამართლომ 49 ათასი ევროს გადახდა დააკისრა იმ ექიმებისთვის, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.
ვალენსიის მთავრობა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, მაგრამ რეგიონის ხელმძღვანელმა, შიმო პუჩმა სამედიცინო მუშაკებს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ პანდემიის საწყისი გავლენა “მოულოდნელი” იყო.