ფინეთში, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის ფონზე, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ
ფინეთის მთავრობა, საავადმყოფოებში გაზრდილი დატვირთვის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავს.
ამის შესახებ გაზეთი Helsingin Sanomat-ი წერს.
მთავრობაში განმარტავენ, რომ ამგვარი ნაბიჯის მიზანი ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფაა და არა – ახალი შეზღუდვების შემოღება.
კერძოდ, იგეგმება კანონმდებლობაში ცვლილებება, რომ შესაძლებელი გახდეს გარკვეული სახის მკურნალობის გადადება და მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების ვადების დარეგულირება.
გარდა ამისა, შეიძლება, გაჩნდეს უფლება მედპერსონალს შვებულების გაწყვეტის, ასევე, სამსახურში მათი დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.
ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი სწრაფად იზრდება და, მასთან ერთად, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ.
ფინეთში საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად მთავრობის გადაწყვეტილება საკმარისი არ არის, ასეთ ნაბიჯს მხარი პარლამენტმა და პრეზიდენტმა უნდა დაუჭირონ.
12 იანვრიდან ფინეთში უკვე მოქმედებს შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ყველა რესტორანი 18:00 საათზე უნდა დაიხუროს.