ლატვიის პრემიერი: რუსეთი ვერ უკარნახებს ნატო-ს, რომელი ქვეყნები უნდა იყვნენ ან არ უნდა იყვნენ მის შემადგენლობაში
ლატვიის პრემიერმინისტრის, კრიშიანის კარინშის განცხადებით, რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.
ამის შესახებ Delfi წერს.
აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შეფასებისას, ლატვიის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველი დადებითი შედეგია, რომ მოლაპარაკებები შედგა.
მისი განმარტებით, ამ მოლაპარაკებებში აშშ-ის პოზიციაა, რომ ნატო-ს ქვეყნები ერთად არიან, მაგრამ ამავე დროს აშკარად ჩანს რუსული აგრესიული რიტორიკა.
მისი თქმით, რუსეთი ვერ უკარნახებს ნატო-ს, რომელი ქვეყნები უნდა იყვნენ ან არ უნდა იყვნენ მის შემადგენლობაში, ასევე, სად შეუძლია ნატო-ს ჯარების განთავსება.
კითხვაზე, რა შეიძლება, იყოს ამჟამინდელი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ყველაზე ცუდი შედეგი, კარინშმა აღიარა, რომ ყველაზე ცუდი სცენარი ომია.
„თუ ომი იქნება, ნატო ამისთვის მზად არის“, – განაცხადა პოლიტიკოსმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი რუსეთსა და ალიანსს შორის თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი მსოფლიო ომი.