„გოგონა მობილური ტელეფონით“ – ეროვნულ ბიბლიოთეკაში მირიამ სოლოღაშვილის საახალწლო გამოფენა გაიხსნება

14 იანვარს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საახალწლო გამოფენა  გაიხსნება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, გამოფენა – „გოგონა მობილური ტელეფონით“ ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება და წარმოდგენილი იქნება მხატვარ მირიამ სოლოღაშვილის ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც საქართველოსა და ისრაელში შეიქმნა.
ეთერ შავგულიძე, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი, დოქტორი:
„მირიამის ფერწერა თანამედროვე ხელოვნების კონტექსტიდან. მხატვრული სტილი, მეთოდი და საშუალებები ანუ ის, რაც ქმნის მხატვრულ ფორმას მასთან არის საყოველთაოდ ცნობილი –იმპრესიონისტული, მაგრამ აქ მთავრდება მისი მსგავსება უკვე კლასიკურ-ტრადიციულ მოდერნისტულ მიმდინარეობასთან. უფრო ზუსტად, მირიამი ცდილობს თავისი იდეები, განცდები, განწყობა, მსოფლშეგრძნება ანუ მხატვრული ნაწარმოების შინაარსი მხატვრულ აღმქმელამდე მიიტანოს იმპრესიონისტული მხატვრული ხერხებით, მაგრამ არა წუთიერი შთაბეჭდილება, არამედ მარადიული, საყოველთაო და ყოველდღიური კითხვა: ვინ ვარ მე და რა არის ჩემი გარემომცველი სამყარო? ის, რაც თანამედროვე ყოფაში ბანალურ, მაგრამ მით უფრო ამოუხსნელ რებუსად იქცა ჩვეულებრივი (და არა ფილოსოფიური) ცნობიერებისათვის.
მირიამისთვისაც სწორედ ეს არის მთავარი – არსებული რეალობისადმი საკუთარი დამოკიდებულება, პირადი განცდები, შეგრძნებები გაიაზროს და მიიტანოს სხვა ადამიანებამდე. ხელოვნების უნივერსალური ენით, ამასთან დიალოგის რეჟიმში, ახსნას აწმყო და განჭვრიტოს მომავალი, რადგან ეს არის მისი “სათქმელის ამოთქმის” საშუალება, ადამიანებთან ურთიერთობის თვითშერჩეული მეთოდი. ამისათვის მირიამი არ ელოდება გამოფენის საკრალურობას და მყისიერი გაზიარებით, ვირტუალურად სთავაზობს ფეისბუქმეგობრებს თავის შემოქმედებით სამყაროში მოგზაურობას, ტკბება ამ პროცესით, იღებს დადებით იმპულსებს, ივსება სასიცოცხლო ენერგიით და თავადაც გულუხვად გასცემს. ამას აკეთებს ძალიან დამაჯერებლად, ექსპრესიულად, ტემპერამენტით, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია სწრაფად და უდანაკარგოდ მიიტანოს თითოეულ აღმქმელამდე განცდილი სულიერი მღელვარება, რასაც თან დევს გონების გამონათება და ყოფიერების არსობრივი წვდომა…
და მაინც, მირიამ სოლოღაშვილისთვის მთავარია, მნახველს გული გაუხსნას და მის სულს ჩასწვდეს ცნობიერებაზე გავლით. მე ამას ვუწოდებდი „ლინგვისტურ ფერწერას”, რადგან რასაც ხატავს ეს არის მთელი მოთხრობა, ნოველა, არა უბრალოდ ნატურმორტი, არა პორტრეტი ან პეიზაჟი, არამედ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ესსე”.
გამოფენა ჟანრობრივად მრავალფეროვანია, წარმოდგენილია როგორც ქალაქური ცხოვრების სიუჟეტები, პეიზაჟები, პორტრეტები, ასევე ჩვენი თანამედროვეებისა და საზოგადო მოღვაწეების, ილიკო სუხიშვილის, ანიტა რაჭველიშვილის, გია ბუღაძის, ნინო ანანიაშვილის, გიორგი მაისურაძისა და სხვათა პორტრეტები.

მირიამ სოლოღაშვილის ნამუშევრების გამოფენა  ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 19 იანვრამდე  გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები