მიხეილ სარჯველაძე: ყველა სპეკულაციას, რომელიც მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის ირგვლივ იყო, საფუძველი გამოეცალა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყველა სპეკულაციას, რომელიც მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის ირგვლივ იყო, საფუძველი გამოეცალა.
„რამდენადაც მოვისმინე, კვალიფიკაციის საკითხი დადგა, რომელიც განსხვავებულად შეაფასა სასამართლომ. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, იმ ფაქტის დადასტურებას, რომელიც ჩაითვალა, რომ არის დანაშაულებრივი, პრობლემა არ ჰქონია სხდომის მიმდინარეობისას და განხილვების პროცესში. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, რა ჰქვია ამას თაღლითობა, ფულის გათეთრება თუ კიდევ სხვა რამ, ამაზე აღმოჩნდა განსხვავებული შეხედულებები და სასამართლომ თქვა, რომ ეს არის არა ამ კატეგორიის, არამედ სხვა კატეგორიის დანაშაული, ოღონდ დანაშაულია ორივე შემთხვევაშიო. ფაქტები სადაო არ გამხდარა და ყველა სპეკულაციას, რომელიც ამ დავის ირგვლივ იყო ამ პერიოდის განმავლობაში, ყველანაირი საფუძველი გამოეცალა”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ავთანდილ წერეთელი და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო და 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, დევნის ხანდაზმულობის გამო, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.