ნიკა მელია: დიდი ხანი არ გვაშორებს იმ მომენტს, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მოხდება
„სწორედ ეს გათვლა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, რომ სხვადასხვა საქმის აღძვრით ოპოზიციურ ველს პოლიტიკოსებისგან გამოშიგნავდა, მაგრამ პირიქით, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი უფრო შეუპოვრები გახდნენ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, რეჟიმის პირობებში ქვეყანა ვერ განვითარდება.
„სწორედ ეს გათვლა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, რომ სხვადასხვა საქმის აღძვრით ოპოზიციურ ველს პოლიტიკოსებისგან გამოშიგნავდა, მაგრამ პირიქით, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი უფრო და უფრო შეუპოვრები გახდნენ. რა თქმა უნდა, პრობლემა არსად წასულა. უდიდესია პრობლემა, რაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეხება და ვიდრე პოლიტიკური მართლმსაჯულება, როგორც იარაღი, ხელში აქვს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ვერცერთი მოქალაქე თავს დაცულად ვერ იგრძნობს. ფაქტია, ამ რეჟიმის პირობებში ქვეყანა ვერ განვითარდება და თითოეული ადამიანის ყოფა ვერანაირად ვერ გაუმჯობესდება. ეს, სამწუხაროდ, არის აქსიომა. ამიტომ, ამ მძიმე რეალობას რაც მალე შევცვლით, მით უკეთესი იქნება ქვეყნის მომავლისათვის. ამ რეჟიმის დასამარცხებლად ახალი ტემპით უნდა მოვემზადოთ. ერთიანობა და კონსოლიდაცია ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი. არც ისეთი დიდი ხანი გვაშორებს იმ მომენტს, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მოხდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო და 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, დევნის ხანდაზმულობის გამო, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.