მიხეილ სარჯველაძე: „ნაცმოძრაობაში“ მართვის პრინციპები იმგვარადაა ჩამოყალიბებული, რომ ცალკეული გადაადგილებები თვისობრივ სიახლეს ვერ შეიტანს
“ნიკა მელიას კობა ნაყოფიათი ჩანაცვლება დიდი ხანია, მოსალოდნელი იყო, ამაზე ღიად საუბრობდნენ და ამაში მოულოდნელი და უცნაური არაფერია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მართვის პრინციპები იმგვარადაა ჩამოყალიბებული, რომ ცალკეული გადაადგილებები თვისობრივ სიახლეს ვერ შეიტანს.
“რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკურ გადაადგილებებს, სამწუხაროდ, მართვის იქაური პრინციპები იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ ცალკეული გადაადგილებები თვისობრივ სიახლეს ვერ შეიტანს. სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავაც დარჩება იმ დესტრუქციის მცდელობების ავანგარდში, რომელიც შემოტანილი იყო ბოლო წლებში საქართველოში, როგორც მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი სწორი მიმართულებით ქართული პოლიტიკის განვითარებისა. საუბედუროდ, ეს ასე იქნება. რაც შეეხება მელიასა და ნაყოფიას ჩანაცვლებას, ეს დიდი ხანია, მოსალოდნელი იყო, ამაზე ღიად საუბრობდნენ და ამაში მოულოდნელი და უცნაური არაფერია. ფაქტია, ამ პარტიაში არსებობს ისეთი ვერტიკალური მართვა, რაც არავითარ შესაძლებლობას არ უშვებს იმისას, რომ იქ დემოკრატიულად რაღაც პროცესები განვითარდეს. ეს არის სრულიად ავტორიტარული მმართველობა, რომელსაც ადგილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალობაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ შეცვალა.