ადვოკატი: დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მოინახულა.

ადვოკატი დაცვის უფლების რეალიზებას მოითხოვს.

„დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს, ეს იმ პირობებში, როდესაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ბუნებრივია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევა სააკშვილის ფუნდამენტური უფლებების. ასევე, ადვოკატებს არ გვაძლევენ პერსონალურად დახურული ფორმის კომუნიკაციის საშუალებას, რაზეც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და მოვითხოვეთ, რომ ეს შეზღუდვები მოხსნილიყო, თუმცა, დღემდე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება და დირექტორი არაფერს აკეთებს, რომ ეს ბარიერი, რაც არსებობს, გაუქმებულიყო. საჯაროდ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა კანონით დადგენილი წესით სააკაშვილთან კომუნიკაციის და ამ პროცესში დახმარებას ვთხოვთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, სახალხო დამცველს და ნებისმიერ დაწესებულებას, ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს ამ დაცვის უფლების რეალიზებაზე. აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამ ორგანიზაციებს არ მოეხდინათ სათანადო რეაგირება ჩვენი უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ამისთვის არ ყოფილა საჭირო ოფიციალური მიმართვა. ჩვენ ნებისმიერი ფორმით გავაკეთებთ და მოვითხოვთ, მათ შორის, წერილობითი ფორმითაც, რომ დაცული იყოს სააკაშვილის კონსტიტუციური უფლება დაცვის თაობაზე, ანუ დაცვის უფლება იქნეს რეალიზებული”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები