დღეს ცნობილი მხატვარი და მოქანდაკე, გიორგი ოჩიაური 95 წლის გახდებოდა
დღეს ცნობილი მხატვარი და მოქანდაკე, გიორგი ოჩიაური 95 წლის გახდებოდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს გიორგი ოჩიაურის ღვაწლს ქართული მხატვრობისა და სკულპტურის განვითარებაში და ინფორმაციას ავრცელებს.
„გიორგი ოჩიაური მონაწილეობდა გამოფენებში – როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ავტორია არაერთი საინტერესო ნახატისა და ქანდაკებისა. მის ცნობილ ნახატებს შორის არის „სიცოცხლის ხე”, „რექვიემი”, „ვაჟა–ფშაველა”, „ზღვა”, „შენ ხარ ვენახი”, ქანდაკებები – „მუსიკა”, „რესტავრაცია”.
გიორგი ოჩიაური არის დამდგმელი მხატვარი ცნობილი ფილმისა „ალავერდობა”. ასევე, მისი ავტორობით 2002 წელს გამოიცა წიგნი „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის”, რომელიც რამდენიმე ენაზე ითარგმნა. წლების განმავლობაში გიორგი ოჩიაური საგანმანათლებლო საქმიანობითაც იყო დაკავებული. იგი გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი და ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი. ცნობილმა მხატვარმა და მოქანდაკემ 1998 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში „წლის საუკეთესო ადამიანის” წოდებაც მიიღო.
გიორგი ოჩიაური იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და 1991 წლის 9 აპრილს თანამედროვე საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენის თანამონაწილე გახდა – იგი გახლდათ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.