10 იანვარი ყაზახეთში გლოვის დღედ გამოცხადდა
ყაზახეთში 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.
თოყაევის პრესმდივნის, ბერიკ უალის განცხადებით, 10 იანვრის გლოვის დღედ გამოცხადების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად მრავალრიცხოვანი ადამიანური მსხვერპლის გამო მიიღო.
ყაზახეთის შსს-ს ინფორმაციით, მასობრივი არეულობის შედეგად ქვეყანაში 18 სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 700 პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე კი დაშავდა.
ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განკარგულებით, ამიერიდან შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან. როგორც თოყაევმა განაცხადა, ხელისუფლება მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისივე თქმით, ალმათიში „ბანდიტებისა და ტერორისტების ხელით“ დაშავდა და გარდაიცვალა ასობით სამოქალაქო პირი და სამხედრო.
მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.