თვითმფრინავი, რომელსაც ყაზახეთიდან 68 მგზავრი მოჰყავს, ქუთაისის აეროპორტში დღეს დაეშვება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანიდან თვითმფრინავი დღეს, 15:30 საათზე დაეშვება. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავს ყაზახეთიდან 68 მგზავრი მოჰყავს. ყაზახეთის მიმართულებით კი რეისი დღესვე შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზე.
„ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.