განადგურებული ინფრასტრუქტურა, გადამწვარი მანქანები და სამხედროები ქუჩებში – კადრები ალმათიდან (ვიდეო)

გადამწვარი მანქანები, შენობები და დამსხვრეული მინები – BBC ყაზახეთის უდიდეს ქალაქში, ალმათში არსებულ ვითარებაზე პირველ კადრებს ავრცელებს.

BBC-ის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში დღეს აქციები არ ყოფილა, თუმცა, ისმის სროლისა და აფეთქების ხმა.

სროლის ხმა ისმის უშუალოდ კადრებშიც.

ამასთან, ჟურნალისტის თქმით, მანამდე, BBC-ის გადამღებმა ჯგუფმა ქუჩაში, მანქანებში გარდაცვლილი ადამიანები აღმოაჩინა, რომლებიც, სავარაუდოდ, პროტესტის დროს მოკლეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმათში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა, ქვეყნის მასშტაბით ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ადგილზე სიტუაცია განსაკუთრებით 5 იანვარს დაიძაბა, ღამის განმავლობაში ქალაქ ალმათში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა. მანამდე, დემონსტრანტები პრეზიდენტის რეზიდენციასა და მერის ოფისში შეიჭრნენ და შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ალმათის რეზიდენციაში გაქცევამდე მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო დღეების განმავლობაში ძალოვანებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი არაერთხელ გამოიყენა.

დაძაბულობისა და საპროტესტო აქციების ფონზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა და ორგანიზაციის სამხედროების ოპერაციებში უკვე მონაწილეობენ.

მასშტაბური აქციები ქვეყანაში 2 იანვარს გაზის ფასის გაძვირების გამო ჯერ მანგისტაუს რეგიონში, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებშიც დაიწყო.

სოციალურ ფონზე დაწყებული პროტესტი მალევე პოლიტიკურში გადაიზარდა, მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მასობრივი პროტესტის ფონზე, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები