“ვაშინგტონის ზოგიერთ წარმომადგენელს ყველაფერი არ ესმის” – ზახაროვა თეთრ სახლს პასუხობს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ყაზახეთში რუსეთისა და კუხო-ს სხვა ქვეყნების სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერებმა თქვეს, რომ ყაზახეთში კუხო-ს ჯარის გაგზავნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ვაშინგტონში კითხვები არსებობს.
ზახაროვას თქმით კი, აშშ-ში ყველას არ ესმის, რაც ხდება ყაზახეთში.
როგორც მან „ტელეგრამზე“ დაწერა, ”თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადება, რომ შეერთებულ შტატებს კითხვები აქვს, თუ რამდენად კანონიერია ყაზახეთის ხელისუფლების მოთხოვნა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაგზავნის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა. ყველა შეჩვეულია იმ ფაქტს, რომ ვაშინგტონის ზოგიერთ წარმომადგენელს ყველაფერი არ ესმის და ამას ამერიკის პოზიციად ასაღებს“.