„უწონობისფერი“ – დავით მესხის მულტიმედიური გამოფენა 28 თებერვლამდე გაგრძელდება
ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში მიმდინარეობს დავით მესხის გამოფენა: „უწონობისფერი“. გამოფენის ორგანიზატორები არიან: „თბილისის ფოტო ფესტივალი“ და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი.
გამოფენა გაგრძელდება 28 თებერვლამდე.
„დავით მესხის „უწონობისფერი“ (2016-2021) უახლეს ნამუშევრებს აერთიანებს, რომელთა დიდი ნაწილი პირველად იფინება. სხეულის მოძრაობისა და მისი სილამაზის აღბეჭდვა მესხისთვის არარსებული სრულყოფილებისკენ სწრაფვის გარდა იდენტობის კვლევა, თავისუფლების ძიება და ღრმა ემოციური გამოცდილებაც არის. სხეული თავისი გენდერული ფლუიდობით, დავით მესხის ფოტოგრაფიულ გამოსახულებაში იმდენად არის მიწიერი, რამდენადაც არამიწიერი.
მესხის მიერ გადაღებული ათლეტები მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს, დაინახოს მომენტი აფრენასა და ვარდნას შორის – უწონობის ის ხანმოკლე მომენტი, როდესაც სხეული უმაღლეს წერტილს აღწევს და ჩერდება, ვიდრე მიზიდულობის ძალა მას მიწაზე დააბრუნებს.
ნამუშევრებში სხვადასხვა კუთხით მოჭრილი სხეულები ერთი მხრივ თავისუფლებისკენ ისწრაფვიან, მეორე მხრივ კი, ემორჩილებიან საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს.
მესხის ფოტოებში მისი არამიწიერი სხეულები დროის მიღმა სივრცეში არსებობენ. სივრცეში, რომელიც ღიაა მისტიკური ინტერპრეტაციებისთვის, გონებისა და სხეულის მდგომარეობისთვის, ყოფიერების საიდუმლოს რომ იტევს. იმ სივრცეში, სადაც უწონობას თავისი ფერი აქვს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დავით მესხის გამოფენა – „უწონობისფერი“ „თბილისის ფოტო ფესტივალისა“ და გოეთეს ინსტიტუტის მიერ არის ორგანიზებული და „ფოტო ფესტივალის“ მე-12 გამოშვების დასკვნითი ღონისძიებაა.
დავით მესხის პირველი მულტიმედია გამოფენა აერთიანებს როგორც ფოტო ანაბეჭდებს, ისე 3 ეკრანიან ვიდეოინსტალაციას და ნიკა კოჩაროვის მუსიკალურ კომპოზიციას – „Full of Sun“.
დავით მესხმა (1979, თბილისი) 2005 წელს დაასრულა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ფოტოგრაფიის ფაკულტეტი. კარიერის დასაწყისშივე მუშაობდა წამყვან ქართულ ჟურნალებში ფოტოგრაფად და მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ფოტოგრაფიის ქართული სახლის კოლექციაში.
დავით მესხი სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული დოკუმენტური ფილმის – „როდესაც დედამიწა მსუბუქი ჩანს“ თანაავტორია. მისი ნამუშევრები იფინება სოლო და ჯგუფურ გამოფენების ფორმატში ევროპის წამყვარ სახელოვნებო პლატფორმებზე. მათ შორის არის: Paris Photo, ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, კიოლნის ბრაუნსფედლერის საოჯახო კოლექცია, ლონდონის Calvert 22 ფონდი, რობერტ კაპას თანამედროვე ფოტოგრაფიის ცენტრი ბუდაპეშტში; ასევე, Biennale de la Photographie de Mulhouse და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
დავით მესხი ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ბერლინში.
მის: „თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი“, მ. კოსტავას ქ.14, სასტუმრო “სტამბა”, D ბლოკი, მეორე სართული.