ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემით, არეულობის დროს ძალოვანებმა 26 ადამიანი მოკლეს, კიდევ 18 დაიჭრა. დაკავებულია 3 ათასზე მეტი მომიტინგე.
„ამჟამად, დაკავებულია 3 ათასზე მეტი ადამიანი, 26 ლიკვიდირებულია, 18 კი – დაშავებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ეროვნულ გვარდიაში აცხადებენ, რომ მეამბოხეები იყენებენ გლუვნახვრეტიან იარაღს, ცეცხლგამჩენ ნარევებს, “მოლოტოვის კოქტეილებს”, მილებს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ არეულობის დროს უშიშროების 18 თანამშრომელი დაიღუპა. დაშავდა კიდევ 748 პოლიციელი და ეროვნული გვარდიის თანამშრომელი.
6 იანვარს ქვეყანაში ანტიტერორისტული საფრთხის კრიტიკული, “წითელი დონე” გამოცხადდა, რომელიც აძლევს საშუალებას ძალოვანებს, შენობებსა და სახლებში შევიდნენ, გაჩხრიკონ მოქალაქეები და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდონ. ასევე, ქვეყანაში 70 სადღეღამისო საგუშაგო მოეწყო.
ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ თხევად გაზზე ფასების დაწევას.
დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.