საავტომობილო გზების დეპარტამენტი: გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზებზე ყველა მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის აკრძალვა ძალაშია შემდეგ საავტომობილო გზებზე: ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ43-კმ45 (ნაქერალის უღელტეხილი) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამასთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ90-კმ186 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები