თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის დირექტორი მზია ნადირაძე გარდაიცვალა

თბილისის ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმის დირექტორი მზია ნადირაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას თბილისის მუზეუმების გაერთიანება ავრცელებს.
„ძალიან ძნელია იპოვო სიტყვები, რომელიც ნათლად გამოხატავს თითოეული ადამიანის ტკივილსა და სევდას.
ქალბატონმა მზიამ ძალიან ახალგაზრდამ დაიწყო კულტურის სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობა, 1977 წლიდან კი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორად დაინიშნა.
მზია ნადირაძის ხელმძღვანელობით, ილია ჭავჭავაძის მუზეუმში აღდგა მემორიალობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ XX საუკუნის 80-იან წლებში მუზეუმში გამართულმა ტრადიციულმა „ხუთშაბათობებმა” სამეცნიერო- კვლევითი შინაარსი შეიძინა.
ქალბატონი მზიას ინიციატივით, მუზეუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს გააქტიურებამ, ქართული ინტელიგენციის აქტიური ჩარევით, შესაძლებელი გახადა 1987 წელს, მუზეუმისათვის ივანე ჯავახიშვილის №7-ში მდებარე ორსართულიანი სახლის გადმოცემა – ამ სახლში 1889-1901 წწ. ცხოვრობდნენ ილია ჭავჭავაძე მეუღლით და მისი და – ელისაბედ საგინაშვილი.
ამავე შენობაში მოთავსებული იყო გაზეთ „ივერიის” რედაქცია და სტამბა.
1987 წელს, მზია ნადირაძის ინიციტივითა და ძალისხმევით, მუზეუმს შეეცვალა სტატუსი და სახელწოდება და დღეს, თბილისში ილია ჭავჭავაძის სახელის უკვდავყოფას ემსახურება თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი.
ქალბატონი მზია ნადირაძე ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნარკვევის და სამუზეუმო პრობლემატიკისადმი მიძღვნილი სტატიების, რის გამოც დაჯილდოებულია: ქართულ ჟურნალისტიკაში არსებული უმაღლესი ჯილდოთი „ოქროს ფრთა”, მედლით „საქართველოს კულტურის ამაგდარი”, არაერთხელ იქნა აღიარებული წლის საუკეთესო პროფესიონალად და სხვა.
სამუზეუმო საქმიანობაში თვალსაჩინო წვლილის შეტანისათვის მზია ნადირაძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, „თბილისზე მზრუნველის“ ჯილდოთი, არჩეულია ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქედ.
ქალბატონი მზია სიცოცხლის ბოლო დღემდე დიდი შემართებით ემსახურებოდა თავის საყვარელ საქმეს და თავისი წვლილი შექონდა თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისიისა და მიზნების შესრულებაში.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს, კოლეგებს, ახლობლებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს და ვეცდებით, ქალბატონი მზიას მიერ წამოწყებული ყველა საქმე და იდეა მისი სახელით განვახორციელოთ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები