„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” – 6 იანვრიდან ფილმი საქართველოს კინოთეატრებში გამოდის
ალექსანდრე კობერიძის ფილმი – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” 6 იანვრიდან, „ამირანის“ ეკრანებზე გამოდის. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი და „ამირანის“ ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ – რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელიც საქართველო–გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმი გიორგის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ქალაქ ქუთაისში ვითარდება. მთავარი გმირები – ლიზა და გიორგი ერთმანეთს ქუჩაში მოულოდნელად ხვდებიან და მათ შორის გრძნობა ჩნდება. მეორე დღეს კი ისინი სხვა ადამიანების სხეულებში იღვიძებენ და ერთმანეთს ვეღარ პოულობენ.
სამსახიობო გუნდის წევრები არიან: გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.
ფილმმა საერთაშორისო კინოფესტივალების არაერთი ჯილდო მოიპოვა.
ალექსანდრე კობერიძის ფილმის მსოფლიოს პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში გაიმართა, სადაც მას გადაეცა „ფიპრესის“ ჯილდო. ქართული კინო მთავარ საკონკურსო პროგრამაში თითქმის 30 წლის შემდეგ დაბრუნდა. მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს „უძინართა მზე“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვერცხლის დათვი გადაეცა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა.