კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი არქიტექტორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, გიორგი (გიგა) ბათიაშვილის გარდაცვალების გამო. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:
„გიგა ბათიაშვილმა 1958 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და 1967 წლიდან სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1978 წლიდან ხელმძღვანელობდა საპროექტო ინსტიტუტის “თბილქალაქპროექტის” თბილისის სახელმწიფო დაცვითი ზონის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის სპეციალური არქიტექტურის სახელოსნოს. იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი.
გიგა ბათიაშვილი იყო თბილისის ისტორიული უბნების – შარდენის ქუჩის, ბამბის და რკინის რიგების, კოტე აფხაზისა და დუტუ მეგრელის ქუჩების, ღვინის აღმართის, ქარვასლის, სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიისა და ორბელიანთ უბნის განაშენიანების რეკონსტრუქცია-რეგენერაციის (1979–1989) ავტორი. არქიტექტორის ძირითადი ნამუშევრებია: თბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგური (1970-1971 წლები; თანაავტორები: არქიტექტორი – ტ. ქუთათელაძე, მხატვარი – ვ. ქოქიაშვილი); იტალიელთა წინააღმდეგობის მოძრაობის გმირთა მემორიალი პერეზაში (ქ. არონის მახლობლად, იტალია, 1972 წ. მოქანდაკე – თეიმურაზ გიგაური), თბილისის მეტროპოლიტენის სადგური “300 არაგველი” (1967 წ. მოქანდაკე – თეიმურაზ გიგაური, მხატვარი – გივი გიგაური).
გიგა ბათიაშვილს 1982 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, ხოლო 1996 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები