„ეს წელი ხელოვნების სასახლისთვის ძალიან ნაყოფიერი და მრავლისმომცემი იყო“
ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია აჯამებს 2020 წელს და სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ეს წელი ხელოვნების სასახლისთვის ძალიან ნაყოფიერი და მრავლისმომცემი იყო, ჩვენ შევძელით ჩვენი მუზეუმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ქართული ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების უმდიდრესი კოლექციისათვის ვიყიდეთ შენობა. ულამაზესი სივრცე რომელიც სასახლეს ემიჯნება, არადა ეს გადაულახავი პრობლემა მეგონა, რადგან მანამდე ეს ძვირფასი კოლექცია დადიანის ქუჩაზე უმწვავეს ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობაში ინახებოდა. ბოლოს უკვე ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა, ბათქაში ცვიოდა და ყოველწუთიერად ნგრევის საშიშროების მოლოდინში ვიყავით.. ეს საშვილიშვილო საქმე ვერ განხორციელდებოდა რომ არა კულტურის სამინისტროს და პირადად მინისტრის მხარდაჭერა.. მისივე თანადგომით ახლად შეძენილი სივრცის სამუზეუმოდ ადაპტაციისათვის დაფინანსება გამოიყო და სარემონტო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება, ასე რომ, 2022 წელს ახალ სივრცეში პირველ სტუმრებს და საფონდო სივრცეებს ვუმასპინძლებთ…
კიდევ ერთი დიდი საქმე, რომელსაც საფუძველი წელს ჩაეყარა: თუ აქამდე ძვირფას კოლექციებს სამუზეუმო ნივთებს და არტეფაქტებს კერძო სპონსორების საშუალებით ვყიდულობდით, წელს პირველად სახელმწიფო უფრო სწორად სამინისტრო დაგვიდგა მხარში და ის, რაც ხშირად ჩვენთვის მიუწვდომელი ან საზღვარგარეთ გატანისთვის იყო განწირული, ეროვნული სამუზეუმო კოლექციებისათვის შეგვიძინა. შეძენილ ნივთებს შორისაა: ლუვრის მომხატველის, ნაპოლეონ მესამის კარის ოსტატის ლუის მიულლერის, მე-17 საუკუნის ნეაპოლიტანური სკოლის საუკეთესო წარმომადგენლის და სხვა დიდებულ ევროპელ ავტორთა ნამუშევრები. აქვე იხილავთ დავით სარაჯიშვილის, თეკლე ზუბალაშვილის, ანდრია დადიანის, გრაფ ოლდენბურგის ძვირფას მემორიალურ თუ გამოყენებითი ხელოვნების რჩეულ ნიმუშებს
კულტურის სამინისტრომ წელსვე უპრეცედენტო მხარდაჭერა განახორციელა ჩვენი და ხელოვნების მუზეუმის მისამართით. მათ ჩვენთვის უდიდესი თეატრალური მხატვრის სიდამონ ერისთავის 400-მდე ნამუშევარი შეიძინეს, ამ კოლექციიდან 110 თეატრისადმი მიძღვნილი ესკიზი თუ ტილო ხელოვნების სასახლის კუთვნილება გახდა
მიუხედავად პანდემიისა, წელს იყო წარმატებაც და საერთაშორისო აღიარებაც. დიდი ხნის ლოდინის და ნერვიულობის შემდეგ ჩვენი მუზეუმი 2021 წლის საქართველოს საუკეთესო მუზეუმად დასახელდა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი International Travel Awards-ის გამარჯვებული კატეგორიაში “Best Museum in Georgia 2021” გახდა.
წელსვე საქართველოს ხელოვნების სასახლის და ზუგდიდის დადიანების სასახლეების ურთიერთანამშრომლობამ სამაგალითო შედეგებს მიაღწია. ორივე მუზეუმის ერთობლივი ძალისხმევით და კვლავ სამინისტროს თანადგომით, შევძელით დედოფლისეულ სასახლეში ახალი ექსპოზიციის მოწყობა, ჩამონგრეული დარბაზების რეაბილიტაცია, ნიკოსეულ სასახლეში კი უპრეცედენტო და მანამდე არნახული მასშტაბის მეჯლისისათვის დავიწყეთ სამზადისი..
წლევანდელი წელი ჩემთვის, როგორც მეცნიერისათვის, ნაყოფიერი და მრავლისმომცველი გამოდგა, გამოვიდა ჩემი 15-ტომეული „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“. ერთი ავტორისათვის ასეთ დიდ საქმესთან შეჭიდება ამბიციურიცაა და სარისკოც, თუმცა „კვირის პალიტრის“ შესანიშნავ გუნდთან ერთად მგონია, ამ საქმეს ღირსეულად გავართვით თავი… ღირსეულად იმიტომ, რომ გამოცემის ყველა ტომი ბესტსელერი იყო, ზოგიერთი ტომის შოვნა კი დღეს ფაქტობრივად შეუძლებელია
წელსვე რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ჩვენი გუნდის მიერ მომზადებული სამეცნიერო პროექტი, რომელიც სამეგრელოს სიძველეების შესწავლას და ორტომეული მონოგრაფიის გამოცემას ითვალისწინებს, დააფინანსა! რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა მომავლის იმედებს უფრო ხელშესახებს ხდის.
მოკლედ, 2021 წელო მადლიერებით გემშვიდობები და 2022 წელს უკეთესის მოლოდინით ვეგებები! სიყვარულს, განვითარებას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ ყველას“! – წერს გიორგი კალანდია.