გივი მიქანაძე: წამყვან ევროპულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის შესწავლამ აჩვენა, რომ არ ფიქსირდება არცერთი მაგალითი, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მსგავსი ფუნქციები ერთი უწყების ქოლგის ქვეშ იყოს მოქცეული

მოგეხსენებათ, რომ მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტში აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში დაინიცირებული ცვლილებების საჯაროდ განხილვა, მინდა, თქვენი ყურადღება რამდენიმე გარემოებაზე შევაჩერო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„პირველი, – დღემდე ჩატარებული საკომიტეტო მოსმენისას თუ პლენარულ სესიაზე დღეს წარმართული დისკუსიისას, ვერცერთმა ოპონენტმა ვერ შეძლო, ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით, წარმოედგინა სამართლებრივი სახის თუნდაც ერთი არსებითი კონტრარგუმენტი. ამის მიზეზი კი არის ის რომ, წარმოდგენილი კანონპროექტი სამართლებრივად სრულიად გამართულია და უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყველა ფუნქციის შენარჩუნებას, ქვემდებარეობისამებრ გადანაწილებულ ორ ახალ სტრუქტურაში. დამატებით, მნიშვნელოვნად იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამოქმედო არეალი, რაც გამოიხატება, სისხლის სამართლის კოდექსის სულ მცირე დამატებით 15 მუხლზე კომპეტენციის გავრცელებით.

მეორე, – წამყვან ევროპულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის შესწავლამ აჩვენა, რომ არ ფიქსირდება არცერთი მაგალითი, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მსგავსი ფუნქციები ერთი უწყების ქოლგის ქვეშ იყოს მოქცეული. ამის მიზეზი ინტერესთა კონფლიქტის არსებითი რისკებია.

მესამე, – ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგა სრულყოფილად არც კი გაეცნო კანონპროექტს და ისიც კი ეგონა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. მაშინ როდესაც კანონპროექტში თეთრზე შავით წერია, რომ ცვლილებები ძალაში შედის 2022 წლის 1 მარტიდან, ხოლო აღნიშნულ დრომდე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არსებული სახით გააგრძელებს თავისი ფუნქციების შესრულებას.

ყოველივე ზემოხსენებული ცხადყოფს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი განხილული ფუნქციების განხორციელების ეფექტიანობისა და კომპეტენციის არეალის გაზრდას ითვალისწინებს.

ოპოზიციის ნაწილი და განსაკუთრებით რადიკალური ფრთა ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, აცხადებს რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, თუმცა არაფერს ამბობს იმის თაობაზე, რომ უფლებების გამიჯვნის შედეგად იქმნება ორი ახალი უწყება: ერთი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ხოლო მეორე სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომლის ფუნქციები კიდევ უფრო მეტად ფართოვდება.

საზოგადოება დაიღალა ოპოზიციის ნაწილის სიცრუეზე აგებული კამპანიით, რომლის მომსწრენიც არაერთხელ გავხდით მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პერიოდში და სწორედ ამიტომ, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ, მყარი მხარდაჭერა გამოუცხადა იმ გუნდს, რომლის მიერ განხორციელებული რეფორმები ქვეყნის და საზოგადოების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები